"რეზონანსი" - აფხაზეთში ტურისტული სეზონი კრახით დაიწყო

შეიძლება ითქვას, ტურისტული სეზონი აფხაზეთში სრული კრახით დაიწყო. ამის შესახებ გაზეთი "რეზონანსი" წერს. რუსი ტურისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზღვა დაბინძურებულია, ხოლო ტექნიკის უქონლობის გამო ვერ ხერხდება გაწმენდითი სამუშაოები, რის გამოც აფხაზეთში დასვენება აზრს კარგავს. თუკი აქამდე აფხაზეთის საგზურები რუსული ტურისტული ორგანიზაციებისთვის მეტ-ნაკლებად საინტერესო იყო, ახლა ისინი პირდაპირ მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ არ დაისვენონ აფხაზეთში.

აქამდე აფხაზეთის ტურისტული სეზონის ავ-კარგიანობას რუსი ტურისტები განსაზღვრავდნენ, მაგრამ ოკუპირებულ რეგიონს მათაც შეაქციეს ზურგი. გარდა იმისა, რომ აფხაზეთში მომსახურების დონე ვერ განვითარდა, დამსვენებლების განწყობაზე კრიმინოგენულმა ვითარებამაც იმოქმედა. ექსპერტთა კლუბის წარმომადგენელი ირაკლი ცქიტიშვილი "რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ რუსები უკვე იშვიათად ჩადიან აფხაზეთში და ისინიც ტერიტორიას დაგეგმილზე ადრე ტოვებენ.

"აფხაზეთში ტურისტული სეზონი სერიოზულად ჩაუვარდათ, წლებიოა უკვე, რაც ეს ტენდენცია გრძელდება. თუმცა ამჯერად დამსვენებლები ზღვის დაბინძურებამ დააფრთხო. არ იწმინდება წყლები, რომელიც ზღვაში ჩაედინება, რადგან ტექნიკა გაფუჭებულია და დაბინძურება მაღალ დონეზეა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ზღვაში საერთოდ არ შეისვლება, განსაკუთრებით სოხუმის აკვატორიაში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სატუმბი სადგურებია გაფუჭებული და სექტემბრის ბოლომდე ვერ ხერხდება ჩანაცვლება.

საკმაოდ მწირია ინფორმაცია ტურისტებზეც. ამ ეტაპზე ჩვეულებრივი საშუალო ფენა სტუმრობს ოკუპირებულ რეგიონს, რომელიც დაგეგმილზე ადრე ტოვებს იქაურობას. აფხაზეთს მიმდინარე სეზონზე რუსებმაც კი ზურგი შეაქციეს და გააკეთეს განცხადება, სადაც მოუწოდეს თანამემამულეებს, არ ჩავიდნენ აფხაზეთში. ამან განსაკუთრებით იმოქმედა. შესაბამისად, არც ტურისტული კომპანიები აქტიურობენ.

დამოკიდებულება შეიცვალა იმ სიტუაციის გამოც, რაც იქ არის - მომსახურების ძალიან დაბალი დონეა, რასაც ზღვის დაბინძურება დაემატა და ხალხი მიხვდა საბოლოოდ, რომ აფხაზეთში დასვენება და იქ ფულის დახარჯვა არ ღირს", - ამბობს ცქიტიშვილი.

თუკი რამდენიმე წლის წინ დამსვენებლებს აფხაზეთში ჯერ კიდევ მოსწონდათ ველური ბუნება, უკვე სხვა მოთხოვნებია, რისთვისაც შესაბამისი სტანდარტი აფხაზეთს არ გააჩნია. კრიმინოგენული ვითარება კი ტურისტულ პერსპექტივას უფრო ბუნდოვანს ხდის.

"ტურისტის სტატუსით ჩასული ადამიანის უსაფრთხოება დაუცველია, რის გამოც დამსვენებელთა უმეტესობა იქ ჩასვლისგან თავს იკავებს, ყოველ შემთხვევაში, მეორედ ჩასვლის სურვილი უკვე არავის უჩნდება. მართალია, დე-ფაქტო რეგიონის შსს ამ ბოლო დროს არ ავრცელებს ინფორმაციას ტურისტულ სეზონზე დაფიქსირებულ დანაშაულებებთან დაკავშირებით, ფაქტები მაინც და მაინც არ გახმაურებულა, მაგრამ კრიმინოგენური ვითარება კვლავ რჩება პრობლემად. ვერ ვიტყვით, რომ დანაშაულების მასშტაბი გაიზარდა, მაგრამ არც შემცირებულა. მთლიანობაში, ვფიქრობ, აფხაზეთში დასვენებას მასობრივი სახე მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაშიც არ ექნება. ბუნებრივია, რომ არც ერთ ტურისტულ კომპანიას არ გაუკეთებია განცხადება და რეკომენდაციები არ გაუწევიათ. სამაგიეროდ, საქართველოს მიმართულებით მუშაობა გააძლიერეს და ეს კარგად ჩანს ჩვენი ქვეყნის კურორტებზე, რომელთაც წელს უამრავი რუსი ტურისტი სტუმრობს", - აცხადებს ცქიტიშვილი.

აფხაზეთში ტურისტების დეფიციტზე საუბრობენ ადგილობრივებიც. როგორც მათ "რეზონანსს" აცნობეს, დასვენების სურვილით გალში ისედაც არავინ ჩადის, მაგრამ ტურისტი უკვე იშვიათად ჩანს სოხუმსა და გაგრაშიც.

"ბოლო რამდენიმე წელია, დამსვენებლები სოხუმს აშკარად არიდებენ თავს, მაგრამ ასეთი პასიურობა პირველია. შეიძლება ითქვას, ტურისტებმა აქაურობას ზურგი შეაქციეს. ათ წელზე მეტია, გალში დავბრუნდი და ცენტრალურ ქალაქებშიც ხშირად დავდივარ ხან ახლობლების მოსანახულებლად, ხანაც – სავაჭროდ. ჩვენთან დასვენების მიზნით არავინ ჩამოდის, რადგან აქაურობა ამ მხრივ ნაკლებად საინტერესოა. ოჩამჩირეში დასვენება ხომ საერთოდაც წარმოუდგენელია, რადგან განადგურებული ქალაქის დათვალიერება არავის მოუნდება. იგივე ითქმის ტყვარჩელსა და გუდაუთაზე. ვისაც ველური ბუნების ნახვა აინტერესებდა, ერთხელ ნახვითაც დაკმაყოფილდა, მეეჭვება, ვინმეს მეორედ ჩამოსვლა მოუნდეს", – ამბობს გალელი ესმა ბაგათელია.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"