ინგოროყვას კლინიკაში, რუსთაველზე აქციის დროს დაშავებული 46 ადამიანიდან 35 უკვე გაეწერა, 11 მკურნალობას განაგრძობს

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ადმინისტრაციული დირექტორის ნინო ქოჩორაშვილის განცხადებით, მათ კლინიკაში რუსთაველის გამზირზე დაშავებული 46 ადამიანი შეიყვანეს, აქედან 35 უკვე გაეწერა.

მისი თქმით, კლინიკაში დარჩენილი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

„ღამის განმავლობაში კლინიკაში 46 პაციენტი შემოვიდა. ამათგან ამ დილისთვის 35-მა უკვე დატოვა კლინიკა, დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ. მკურნალობას სტაციონარში განაგრძობს 11 პაციენტი, რომელთაც ჩაუტარდათ სხვადასხვა ქირურგიული ოპერაცია. ძირითადად ეს გახლდათ სხეულის სხვადასხვა მიდამოს რბილქსოვილოვანი დაზიანებები. დაზიანებები იყო ქვედა კიდურების მიდამოებში, სახის არეში და 2 გახლდათ მუცლის ღრუს დაზიანება. ყველა პაციენტი ამ დროისთვის სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება, უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დღეს ისინი სავარაუდოდ, დარჩებიან დაკვირვების რეჟიმში და ხვალისთვის ზოგიერთი მათგანის გაწერის საკითხი დადგება დღის წესრიგში. ჩვენთან თვალის არეში მიყენებული ჭრილობებით არცერთი პაციენტი არ ყოფილა. რაც შეეხება ინტოქსიკაციას, 4 შემთხვევა იყო, რომლებსაც გაეწიათ დახმარება და გაეწერნენ ბინაზე",- განაცხადა ქოჩორაშვილმა.