პარლამენტის წინ პოლიციის თანამშრომლები, ექსპერტ-კრიმინალისტები და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან

ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვარაზისხევში და პარლამენტის წინ ამ დროისთვის სიმშვიდეა.

თუმცა, ადგილზე რჩებიან პოლიციის თანამშრომლები, ექსპერტ-კრიმინალისტები და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები. ფილარმონიის წინ ასევე რჩება ავტომანქანა, რომელიც დემონსტრანტებმა დღეს დილით დაამტვრიეს.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეები რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლას და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას აპროტესტებდნენ. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. სიტუაციის დაძაბვის შემდეგ პარლამენტში მივიდნენ პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და „ქართული ოცნების“ ლიდერები. აქციის მონაწილეების დასაშლელად გამოიყვანეს სპეცრაზმი. მათ აქციის მონაწილეების მისამართით ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. მომხდარის შედეგად დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს. მათ სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები აღენიშნებათ, მათ შორის რამდენიმემ თვალი დაკარგა.