რა ქონებით ტოვებს ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამდებობას ტოვებს.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. ამას წინ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს რამდენიმე საათიანი სხდომა უძღოდა, რომელსაც პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას და მის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას, თბილისში საპროტესტო აქციები მოჰყვა. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. აქციის მონაწილეების დასაშლელად გამოიყვანეს სპეცრაზმი. მათ აქციის მონაწილეების მისამართით ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა იყო.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას თუ რა ქონებას ფლობს ირაკლი კობახიძე. პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე მისმა შემოსავალმა 2017 წელს 80 865 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია კობახიძეს 2018 წლის 31 დეკემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში აქვს მითითებული.

გარდა ამისა, შემოსავლის სახით, 2017 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად მუშაობისას, 17 400 ლარი აქვს მიღებული. ამასთან, დეკლარაციის თანახმად, კობახიძე ფლობს 157,8 კვადრატული მეტრი ფართობის ბინასა და 20 კვ. მეტრის ავტოფარეხს თბილისში, რომელიც 2016 წელს ჩუქებით აქვს მიღებული; ასევე მის საკუთრებაშია 2 270 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის 25%-იანი წილი.

პარლამენტის თავმჯდომარე ეკუთვნის ასევე ორი მსუბუქი ავტომობილი - VW Tiguan-ი და Nissan Tiida. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში კობახიძე სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 65 353,54 დოლარი და 2 959 ლარი ჰქონდა.

ირაკლი კობახიძეს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მისი მეუღლის შემოსავალმა 2017 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად მუშაობისას - 11 712 ლარი; ხოლო შსს აკადემიაში ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის პოსტზე - 30 372 ლარი შეადგინა. მასვე ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში 5 977.93 ლარი და 45,98 დოლარი ჰქონდა.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარედ 2016 წლის 18 ნოემბერს აირჩიეს.

თაია არდოტელი