„ლამბორგინიმ“ სპეციალურად ბოლონიას აეროპორტისთვის, პოპულარულ მოდელ „ურაკანის“ ვერსია დაამზადა, რომლის დანიშნულებაც თვითმფრინავების გამყოლის როლია. მანქანას აწერია - „ფოლოუ მი“ (გამომყევი).
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა სუპერ ავტომობილების მწარმოებელი კომპანია, ბოლონიას აეროპორტისთვის, „ურაკანის“ გამყოლ სპეცვერსიას ამზადებს. პირველად ასეთი „ურაკანი“ 2016 წელს დამზადდა. ახალი ავტომობილი განსხვავებულ ფერებშია გამოწყობილი.
ახალი სპეც „ურაკანის“ ბაზისური ფერი მქრთალი ნაცრისფერია, რასაც ყვითელი აქცენტები ავსებს. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ ადვილად შესამჩნევი იყოს. გარდა ამისა, ავტომობილის სახურავზე მოციმციმე შუქსიგნალი განლაგდა.
„ურაკან ფოლოუ მი“ იტალიური კომპანიის დიზაინის სტუდია „ჩენტრო სტილეს“ მიერ არის შემუშავებული.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხანს მოემსახურება ახალი „ურაკანი“ ბოლონიას აეროპორტს. მისი წინამორბედი 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის იანვრამდე მუშაობდა და 2018 წელს კვლავ დაუბრუნდა უჩვეულო „სამუშაოს“.
ცნობისათვის, შესაძლოა, ბოლონიაში ჩასულმა მგზავრებმა, „ურაკან ფოლოუ მი“ ვერ ნახონ, მაგრამ აეროპორტის გამოსასვლელში აუცილებლად მიაქცევენ ყურადღებას ორ სუპერ ავტომობილს - „ლამბორგინი ავენტადორ SVJ-ს“ და „ლამბორგინი ურუსს“.
„ლამბორგინი ურაკან LP580“, რომლის ბაზაზეც „ფოლოუ მი“ ვერსია დამზადდა, 5.2-ლიტრიანი ატმოსფერული V10 ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 572 ცხენის ძალას და 540 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს.