შვეიცარიის პოლიციას საქართველოში დამზადებული სპეციალური დანიშნულების ქამრები უკვე გადაეცა. აქსესუარების კომპლექტი შპს „ელსელემამ“ სპეციალური დაკვეთით დაამზადა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი, ელგუჯა მამასახლისი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, შვეიცარიაში 700 ერთეული ქამარი 2 კვირის წინ გაიგზავნა და მათთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
შპს „ელსელემა“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია. კომპანია მრავალი წელია, ასრულებს სახელმწიფო შეკვეთებს როგორც ძალოვანი, ისე სხვა სტრუქტურებისათვის. 2011 წლიდან კი საერთაშორისო ბრენდების KOTON, MONCLER, DAMAT და CHAMELEON პროდუქციის წარმოება/ექსპორტი დაიწყო.
„შვეიცარიაში საქართველოში დამზადებული აქსესუარები ორი კვირის წინ გავაგზავნეთ. საუბარია, ჯამში 700 ერთეულ სპეციალური დანიშნულების ქამარზე, რომელიც 3 დეტალისგან შედგება. ეს არის ერთ-ერთი რთული აქსესუარი. ჩვენთან მას სპეცაღჭურვილობის ქამარი ჰქვია, ზედ მაგრდება ხელბორკილი, ჩანთა და მჭიდის ჩასადები. შვეიცარიის შეკვეთა ცოტა განსხვავებული კომპლექტისგან შედგებოდა.
რაც შეეხება ამ მიმართულებით შვეიცარიასთან თანამშრომლობას, სამომავლოდაც გაგრძელდება “,- აცხადებს ელგუჯა მამასახლისი.
ცნობისთვის, შპს „ელსელემა“ საქართველოს ბაზრაზე 1992 წლიდან მუშაობს. კომპანია აწარმოებს: სამხედრო და პოლიციის უნიფორმებს, სამუშაო ფორმებს, დაცვის უნიფორმებს, წყალგაუმტარ ტანსაცმელს, ბუმბულის ქურთუკებს, ყოველდღიურ ტანსაცმელს და ნაქსოვ პროდუქციას როგორც კაცისა და ქალის, ასევე ბავშვებისთვის.
საწარმოში ამჟამად 120-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.