„რუსეთიდან ფრენების აკრძალვის შედეგი იქნება, რომ სხვა ბაზრები და მიმართულებები განვითარდება“.
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" დამფუძნებელმა პაატა შეშელიძემ რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოში ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, პუტინმა ფრენები საკუთარ კომპანიებს აუკრძალა, მაგრამ თუ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ენდომებათ, სხვა გზებიც არსებობს.
„ლაპარაკი იმაზე - თუ რა გვეშველება, არასწორია. გვეშველება - სხვა ბაზრების, მიმართულებების, კულტურის განვითარების გზით. თუ რუსეთის მოქალაქეებს სურვილი ექნებათ, ფრენა სხვა გზებითაც შეიძლება. ამ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ ყველა მიხვდება სხვა ბაზრებზე მუშაობის, სხვა კულტურის არჩევის და საკუთარი მომსახურების დახვეწის აუცილებლობას. სტატისტიკასაც რომ ჩავხედოთ, საქართველოს ტურიზმში მთელ რუსულ ბაზარს ჯამში, დაახლოებით 18% უკავია. ფრენების აკრძალვა კი არ ნიშნავს, რომ ეს მაჩვენებელი შეიცვლება, რადგან საქართველოს არაფერი არ აუკრძალია და რუს მოქალაქეებს ვერავინ დაუშლის აქ ჩამოვიდეს, თუ სურვილი ექნებათ,“- აცხადებს შეშელიძე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოში ფრენები დროებით აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. აკრძალვა ძალაში 8 ივლისიდან შევა და დროებით იმოქმედებს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით ამ შეზღუდვის მიზანია, რუსეთის ეროვნული ინტერესების დაცვა და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა.
ამასთან, პუტინმა ტუროპერატორებს მითითება მისცა, რომ აკრძალვის პერიოდში საქართველოს მიმართულებით ტურისტული საგზურები არ გაყიდონ. პუტინმა მინისტრთა კაბინეტს დაავალა, სამშობლოში დააბრუნონ რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში დროებით არიან.