ზურაბ აბაშიძე ვლადიმერ პუტინის განკარგულებას ეხმაურება, რომლის თანახმად, საქართველოსთან ავიამიმოსვლა დროებით შეჩერდება

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებაზე, საქართველოსთან ავიამიმოსვლის დროებით შეჩერებაზე პირველ კომენტარს აკეთებს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აბაშიძემ განუცხადა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა, რათა ამ გადაწყვეტილებაზე სრულყოფილი ინფორმაცია შეგროვდეს, შესაბამისი ანალიზისა და დასკვნებისთვის.

„ამ ეტაპზე ჩვენ ვცდილობთ მივიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია ამ გადაწყვეტილებაზე, შესაბამისი ანალიზისა და დასკვნებისთვის. ამის შემდეგ გავაკეთებთ უფრო ვრცელ კომენტარს. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი და ყველა მოქალაქის ინტერესები. ავაცილოთ მათ სერიოზულ საკითხებზე ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღების საფრთხე“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოსთან ავიაგადაზიდვები 8 ივლისიდან იკრძალება.