საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოგვცეს იმის გარანტია, რომ რუსების უსაფრთხოება ქვეყანაში უზრუნველყოფილი იქნება, სხვა შემთხვევაში, ტურიზმის არავითარი განვითარება არ იქნება, - განუცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა ჟურნალისტებს, როდესაც მას სთხოვეს კომენტარი პრეზიდენტ პუტინის ბრძანებაზე, საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეჩერების შესახებ. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.
ვოლოდინმა თავის მხრივ განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა დაიცვას თავისი მოქალაქეები და ამ გარანტიების მიღებამდე ტურიზმის განვითარება და მითუმეტეს, სტიმულირება, მაგალითად, ვიზების გაუქმების გზით, არ არის სწორი. მან დასძინა, რომ რადიკალები, რომლებიც აწყობენ ანტირუსულ პროვოკაციებს, „აზარალებენ თავის მოქალაქეებს და ბიზნესს“.