„ამ ფაზას გადავივლით და რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული აღარ ვიქნებით, რაც რეალური გამარჯვება იქნება რუსეთთან ომში“

„ამ ფაზას გადავივლით და რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული აღარ ვიქნებით, რაც რეალური გამარჯვება იქნება რუსეთთან ომში“.

ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოში ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით განუცხადა.

„რუსეთი არის პოლიტიკური ბაზარი და როდესაც პატნიორი ეკონომიკურ გადაწყვეტილებებში პოლიტიკურად გვიდგება, ჯობია ეს მოსახდელი მოვიხადოთ. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ეკონომიკაზე ნეგატიურად იმოქმედებს, მაგრამ მეორეს მხრივ, აქცენტირება - ავითვისოთ ევროპული ბაზრები იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის უპირველესი ამოცანა. შესაბამისად, ამ ფაზას გადავივლით და შევალთ იმ ფაზაში, როცა რუსეთზე აღარ ვიქნებით ეკონომიკურად დამოკიდებული და ეს იქნება რეალური გამარჯვება რუსეთთან ომში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, როგორ უპასუხებს მსგავს ქმედებას სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკა.

თუ არაფრით უპასუხებს ჩვენი ხელისუფლება, რისი მოლოდინიც არის, რა თქმა უნდა, პუტინის გადაწყვეტილებებს ნეგატიური გავლენა ექნება. მაგრამ თუ ჩვენი ხელისუფლების აქცენტირება იქნება, რომ ბიზნესს მისცეს საგადასახადო შეღავათები, რაც შეიძლება მეტი კავშირები დაამყაროს ევროპულ და სხვა ტიპის ბაზრებთან, ჩვენ ამ პრობლემებს მარტივად გადავიტანთ. ხელისუფლება წლების განმავლობაში უნდა მუშაობდეს იმაზე, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი საგადასახადო ლიბერალიზაცია იყოს, თავისუფალი ვაჭრობის ათვისება მოახდინოს, რომ ქვეყანაში უცხოური ინვესტიცია შემოვიდეს. ამ საკითხებზე რომ იმუშაოს ქვეყანამ, რუსეთის აკრძალვები საერთოდ არ იქნებოდა საინტერესო,“ - აცხადებს ყიფიანი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოში ფრენები დროებით აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. აკრძალვა ძალაში 8 ივლისიდან შევა და დროებით იმოქმედებს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით, ამ შეზღუდვის მიზანია, რუსეთის ეროვნული ინტერესების დაცვა და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა. ამასთან, პუტინმა ტუროპერატორებს მითითება მისცა, რომ აკრძალვის პერიოდში საქართველოს მიმართულებით ტურისტული საგზურები არ გაყიდონ. პუტინმა მინისტრთა კაბინეტს დაავალა, სამშობლოში დააბრუნონ რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში დროებით არიან.

თაია არდოტელი