„თუ მოვინდომებთ ყველაფერი შეგვიძლია - 2006 წლის რუსული ემბარგოს შემდეგ რეკორდული ეკონომიკური ზრდა გვქონდა“

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე პუტინის მიერ რუსეთიდან ფრენების აკრძალვას „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ეხმაურება. ქადაგიძე 2006-2007 წლებს იხსენებს და აცხადებს, რომ რუსული ემბარგოს შემდეგ რეკორდული ეკონომიკური ზრდა გვქონდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მხოლოდ მშრალი სტატისტიკა.

2006 წელს როდესაც ჩვენმა “ჩრდილოელმა ძმამ” სრული ეკონომიკური და ენერგეტიკული ემბარგო გამოგვიცხადა, რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო და მასზე მთლიანი ვაჭრობის თითქმის ნახევარი მოდიოდა.

ჩვენი მეგობრები, პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები 2006/07 წლებში ეკონომიკის 15%-იან ვარდნას და რთულ ეკონომიკურ კრიზისს გვიწინასწარმეტყველებდნენ. რეალურად კი 2006 წელს 9,4%, ხოლო 2007 წელს 12,6% რეკორდული ზრდა გვქონდა.

ჰოდა თუ მოვინდომებთ ყველაფერი შეგვიძლია,“-წერს ქადაგიძე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოში ფრენები დროებით აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. აკრძალვა ძალაში 8 ივლისიდან შევა და დროებით იმოქმედებს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით, ამ შეზღუდვის მიზანია, რუსეთის ეროვნული ინტერესების დაცვა და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა. ამასთან, პუტინმა ტუროპერატორებს მითითება მისცა, რომ აკრძალვის პერიოდში საქართველოს მიმართულებით ტურისტული საგზურები არ გაყიდონ. პუტინმა მინისტრთა კაბინეტს დაავალა, სამშობლოში დააბრუნონ რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში დროებით არიან.