„მადლობა ქართველ ახალგაზრდებს, ვამაყობ თქვენით და თქვენი იმედი მაქვს,“ - ასე ეხმაურება კომპანია "ფრესკოს" დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე „ფეისბუქის“ გვერდზე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს.
სოფრომაძე მოუწოდებს ყველას, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და აცხადებს, რომ ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვისაც იმ უმსგავსობის თავიდან აცილება შეეძლო, რაც ქვეყანაში ხდება.
„ბიზნესპრესნიუსი“ ბიზნესმენის განცხადებას გთავაზობთ:
„მივმართავ მთავრობის, პარლამენტის იმ წევრებს, რომელთანაც პირადი ურთიერთობა მქონდა ჯერ კიდევ იქამდე, სანამ „ქართული ოცნება“ დაარსდებოდა, თქვენ რომ არ დატოვოთ თანამდებობა და არ განერიდოთ ამ უმსგავს საქციელს -გამარჯობას არ გეტყვით, არასოდეს ხელს არ გამოგიწოდებთ. გეთანხმებით, რომ პოლიციელს ხელით არ უნდა შეეხო და ყველა, ვინც ამას იზამს, უნდა დაისაჯოს, მაგრამ ასევე უნდა დაისაჯოს ის, ვინც ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა, ვინც ვერ უზრუნველყო, რომ არ მომხდარიყო ის უმსგავსოება და ამაზრზენი ამბავი, რაც მოხდა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს. ყველა პასუხს აგებთ ერის, თქვენი შვილების წინაშე.
მე ბიზნესმენი ვარ და არც აგიტაციას ვეწევი და არც არავის მოვუწოდებ, მხოლოდ იმას ვამბობ, რომ დააფიქსიროთ თქვენი აზრი. სად არიან მომღერლები, მსახიობები, მეცნიერები, მასწავლებლები, ის ადამიანები, ვინც ავტორიტეტს წარმოადგენს ჩვენი ახალგაზრდებისთვის. სად არიან მეკომბლეები, რომლებიც კომბლებით დარბიან და პოლიციას პირდაპირ ემუქრებოდნენ, რომ თავში ჩაარტყამდნენ თუ მათ შეეხებოდნენ. სადა ხართ ქართველებო? შეგეშინდათ, შიშმა დაგძლიათ და წაგართვათ ადამიანობა?
მხოლოდ არჩევნებით შეიძლება ხელისუფლების შეცვლა. მიეცით ხალხს საშუალება რომ თავისუფალი ნება გამოხატონ და თუ ისევ თქვენ აგირჩევთ, მე დავემორჩილები ხალხის ნება, მაგრამ ამ ქვეყანაში აღარ ვიცხოვრებ. არ მინდა ვიცხოვრო იმ ქვეყანაში, სადაც მონობას აძლევენ ხმას. ერთი თხოვნა მაქვს ყველასთან, ვისაც ოდნავ ქართველობა შეგრჩათ, ვინც ნებით თუ უნებლიეთ ხართ მოხვედრილი მმართველ პოლიტიკურ ძალაში, დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია და ქართველი ხალხი გაგიგებთ. ხმა ამოიღეთ და დააფიქსირეთ პოზიცია - არა ძალადობას! არა პოლიციის ცემას! არა დაბრმავებას! კი კანონის დაცვას! კი ადამიანობას და ერთმანეთის გვერდში დგომას.
ახლა კი მინდა მივმართო გიორგი გახარიას, როცა თქვენ მინისტრი აღარ იქნებით, ჟორა, როცა ჩვეულებრივი მოქალაქე იქნებით, დამირეკე ჟორა, შევხვდეთ ერთმანეთს როგორც კაცი კაცს და მაშინ გეტყვი ყველაფერს, რისი თქმაც მინდა შენთვის,“-აცხადებს სოფრომაძე ვიდეო მიმართვაში, რომელიც „ფეისბუქის“ გვერდზე გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეები რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლას და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას აპროტესტებდნენ. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. აქციის მონაწილეების დასაშლელად გამოიყვანეს სპეცრაზმი. მათ აქციის მონაწილეების მისამართით ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. მომხდარის შედეგად დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს. მათ სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები აღენიშნებათ, მათ შორის რამდენიმემ თვალი დაკარგა.