ჩვენი მხარის არაპრინციპულობამ მიგვიყვანა იქამდე, რაც დღეს ხდება,-ამის შესახებ Georgian Airways-ის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც ის რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც რუსეთის ფედერაციაში ქართული ავიაკომპანიების ავიარეისების აკრძალვას ითვალისწინებს.
მისი თქმით, მეზობელ ქვეყანასთან პრინციპული მოლაპარაკებებია საჭირო, რადგან არაპრინციპულ ქმედებებს ის შედეგი მოაქვს, რომელიც დღეს დადგა.
“მრავალი წლის ლანძღვა-გინებით ჩვენ ვერაფერს მივაღწიეთ. ჩვენ შეგვიძლია, (როგორც ოდითგანვე ქართველმა ხალხმა დღემდე მოიტანა თავი თავისი ბრძნული გადაწყვეტილებებით) მხოლოდ მოლაპარაკებების გზით მივაღწიოთ რუსეთთან ყველაფერს და რუსეთთან შეთანხმებებში უნდა ვიყოთ პრინციპულები. დავიცვათ ჩვენი მნიშვნელოვანი და სტრატეგიული საკითხები“,-აცხადებს თამაზ გაიაშვილი.
Georgian Airways-ის დამფუძნებელი რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსაც პასუხობს და ამბობს, რომ კომპანიას რუსეთის მიმართ არანაირი დავალიანება არ აქვს.
„ქართულ მხარეს, ჩვენ Georgian Airways-ს არავითარი დავალიანება არ გააჩნია და არ გააჩნდა. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ პრეზიდენტის ბრძანებულება დაარღვია, რომელიც დროებით აკრძალვას ითვალისწინებდა რუსეთის კომპანიების საქართველოში ფრენაზე. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ თავისი გადაწყვეტილებით დაკეტა საჰაერო მიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, რაც ძალიან ცუდია და ეს პირველ რიგში აზარალებს რუსეთის მოქალაქეებს და მოსახლეობას. აღარ ვსაუბრობ ჩვენს ფინანსურ ზარალეზე“,-აცხადებს გაიაშვილი.
მისივე თქმით, იმის დათვლა, თუ რა რაოდენობის ზარალი შეიძლება მიადგეს Georgian Airways-ს რუსეთის მიერ დაწესებული აკრძალვის შემდეგ „ერთი კვირის საქმე არ არის“.
„ეკონომისტები უკვე ითვლიან, ასეული მილიონობით ზარალი მოგვაყენა დღეს იმ ქმედებებმა, რაც მოხდა. ჩვენი მხარის არაპრინციპულობამ მიგვიყვანა იქამდე, რაც დღეს ხდება. გამოსავალი არის მოლაპარაკება, პრინციპული მოლაპარაკება ყველა საკითხზე, მათ შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხზე. უნდა დავიცვათ ჩვენი პოზიციები და არ გავაკეთოთ ის, რასაც ვაკეთებდით დღემდე - ჩვენ ყველაფრის დათმობის პოლიტიკა გვქონდა და მივედით ამ დონემდე. ჩვენ არ შეგვიძლია ვაწარმოოთ ომი რუსეთთან, არ შეგვიძლია მათთან ვიყოთ არაკორექტურები, მაგრამ უნდა ვიყოთ პრინციპულები. მათთან მოლაპარაკებებში არაფერი უნდა დავთმოთ. ყოველთვის ხდებოდა, რომ ორმხრივ საავიაციო მოლაპარაკებებში ყოველთვის ქართული მხარე, საქართველოს მთავრობა მიდიოდა დიდ დათმობაზე“,-აცხადებს თამაზ გაიაშვილი.
ცნობისთვის,რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 8 ივლისიდან რუსეთის ფედერაციაში ქართული ავიაკომპანიების ავიარეისები შეჩერდება. როგორც რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის საავიაციო უწყებამ საქართველოს უკვე აცნობა.