არა მგონია, ვინმეს მოუბრუნდეს ენა და თქვას, 1988-ში ვარსკვლავებს ვწყვეტდითო. თუმცა მაშინ სოფლის მეურნეობაში 27 202 ტრაქტორი, 28 500 ავტომობილი და 1700 კომბაინი ჰყავდათ - სოლიდური მატერიალურ-ტექნიკური ბაზა იყო
საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის რომელი პერიოდი იყო საუკეთესო, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე.
- სიტყვა "საუკეთესოს" ნაცვლად, ჯობს "პიკური" გამოვიყენოთ, რადგან "საუკეთესო" ძალიან ხმამაღალი ნათქვამი იქნება - სოფლის მეურნეობას არასდროს ჰქონია დალხენილი მდგომარეობა. იმის მიუხედავად, რომ საბჭოთა პერიოდში საქართველო სამხრეთული და სუბტროპიკული კულტურების მწარმოებელ რესპუბლიკად ითვლებოდა და აქაური ჩაი, ციტრუსი თუ ღვინო საბჭოთა ბაზრის მოთხოვნილებებზე იყო ორიენტირებული, საქართველო მოწინავე ქვეყნებს მაინც ჩამორჩებოდა. ახლანდელ პერიოდს რაც შეეხება, ქართული ანდაზა მახსენდება, "ჯერ სულ არ იყო ძმარიო და ზედ დაასხეს წყალიო", ანუ რაც იყო ადრე, დღეს იმაზე უარესი მდგომარეობაა.
შესადარებლად საბჭოთა წარსულიდან ავიღოთ 1988 წელი, რომელიც პიკურად ითვლება საქართველოს ეკონომიკის ისტორიაში. მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობა დიდწილად დამოკიდებულია ამინდზე და შესაძლოა ეკონომიკისთვის საუკეთესო წელიწადი სულაც არ იყოს უხვმოსავლიანი აგრარულ სექტორში. მაგალითად, 2018 წელს ქვეყნის მშპ 4,7%-ით გაიზარდა, ხოლო სოფლის მეურნეობა 0,7%-ით. 30-წლიანი ინტერვალით დაშორებული წლების შედარებით (1988 და 2018) კონკრეტული დასკვნების გაკეთება შეიძლება.
1988 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობაში 3,3 მილიარდი მანეთის პროდუქცია იყო წარმოებული. ეს თანხა პირობითად რომ გადავიყვანოთ დღევანდელ ლარებში, თითქმის 13 მილიარდია, ანუ ახლანდელი წარმოება მაშინდელის 21-22%-ს შეადგენს. თუმცა ეს ძალიან პირობითი გაანგარიშებაა, რადგან მაშინ სხვა პირობები იყო, სხვა ფასები და ბაზარი.
- კონკრეტული პროდუქციების შედარებაც ვცადოთ.- კი ბატონო, თუმცა წარსულში ციფრების გაზვიადებასაც ვერ გამოვრიცხავ.
- საქართველოდან რა სურსათი გადიოდა? როგორც ვიცი, საქართველოს უფრო მიწათმოქმედების პროდუქტების წარმოება ერგო, ხორცი და რძის პროდუქტები შედარებით ნაკლებად იწარმოებოდა.- 1988 წელს 172 ათასი ტონა ხორცი ვაწარმოეთ, თუმცა კიდევ 75 ათასი ტონა შემოიტანეს. დაახლოებით ამდენივე შემოდის ახლაც, თუმცა წარმოება თითქმის 2,4-ჯერ შემცირებულია. რა თქმა უნდა, მოსახლეობაც ნაკლებია, მაგრამ მაინც ძალიან გვაქვს შემცირებული რაციონში ხორცის წილი იმასთან შედარებით, რაც საბჭოთა პერიოდში იყო.
- ნორმა რამდენია, 1 სული მოსახლე რამდენ ხორცს უნდა იღებდეს?- 1 სულზე მოხმარების მინიმალური ნორმა დაახლოებით 30 კგ-ია წელიწადში. არსებობს აგრეთვე მოხმარების რაციონალური ნორმა - 63 კგ 1 სულზე წელიწადში.
- სინამდვილეში რამდენს მოვიხმართ?
- წელიწადში საშუალოდ 37 კგ-ს. მართალია, ეს აღემატება მინიმალური მოხმარების მაჩვენებელს, თუმცა რაციონალური ნორმის 60%-ია. ჩვენი ქვეყანა მეტწილად დამოკიდებულია იმპორტზე. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს არ ვაწარმოებთ. მოსახლეობის დაკმაყოფილება ზემოხსენებული რაციონალური ნორმის ფარგლებში რომ შევძლოთ, სამომხმარებლო რესურსი დაახლოებით 100 ათასი ტონით უნდა გავზარდოთ. ეს ნიშნავს, რომ ან წარმოება უნდა გავზარდოთ, სულ ცოტა, 2,5-ჯერ, ან იმპორტი თითქმის გავაორმაგოთ.ასეთი არჩევნის წინაშე ვართ, ამ დროს კი საქართველოში წარმოებული ხორცი, ცოცხალი ან დაკლული სახით, სხვა ქვეყნებში გადის (ბოლო ერთ წელიწადში ხორცის ექსპორტი 59%-ით გაიზარდა და ადგილობრივი წარმოების 23%-ს მიაღწია. ამას ჰქვია,"ყვავს რა ჰქონდა, ბუს გაჰქონდაო), რაც კიდევ უფრო ზრდის ამ პროდუქტის დეფიციტს.
კიდევ ერთი მომენტია საყურადღებო - ქვეყნის ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილი მართალია მცირდება, მაგრამ ეს ტრაგედიად არ უნდა აღვიქვათ. დღეს სადღაც 8%-ია მშპ-ში, თუმცა განვითარებულ ქვეყნებში გაცილებით დაბალია. მაგალითად, გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოში სოფლის მეურნეობის წილი 0,5%-ზე ოდნავ მეტია.
- მაგრამ იქ უფრო დაბალი ფასებია.
- იმდენად დიდია ამ ქვეყნების ეკონომიკა, რომ სოფლის მეურნეობის წილი უმნიშვნელოდ მოჩანს. ისინი მოთხოვნებს იკმაყოფილებენ მაღალი ტექნოლოგიების მეშვეობით, პროდუქტის გადამუშავებისა და აგრეთვე იმპორტის ხარჯზე. ჩვენთან ჯერ არ არის ასეთი მდგომარეობა, იმიტომ, რომ შრომის მწარმოებლურობა დაბალია, საშუალო ევროპული დონის 4-5%-ის დონეზეა(!), ანუ ჩვენთან აგრარულ სექტორში 20-25 დასაქმებული ქმნის იმდენივე ღირებულების პროდუქციას, რამდენსაც ევროკავშირის აგრარულ სექტორში ერთი, ხოლო თუ ჰოლანდიას შევადარებთ, ჩამორჩენა კატასტროფულია - ჩვენი 85 დასაქმებული ქმნის იმდენივე ღირებულებას, რამდენსაც ერთი ჰოლანდიელი ფერმერი.
- საბჭოთა წარსულში იყო მკაცრი განაწესი, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტის ფასი არ შეიძლებოდა ყოფილიყო მაღალი. დღეს ეს არ მოქმედებს, რძის, შაქრის, კვერცხის ფასი, პურისაც, იზრდება.- მაშინ პირველადი მოხმარების საგნებზე არსებობდა სახელმწიფო სუბსიდირება. 1 მანეთი ღარიბი ადამიანის ხელში უფრო მაღალი მყიდველობითი უნარის იყო, ვიდრე მაღალშემოსავლიანის ხელში. იმიტომ, რომ კვების პროდუქტების უმეტესობა (პური, ხორცი, კვერცხი და ა.შ.) სუბსიდირებული იყო და რეალურ ღირებულებაზე იაფად იყიდებოდა. მაგრამ აი, მაღალშემოსავლიანი პირი ავტომობილის შეძენას თუ განიზრახავდა, მას მოუწევდა გაცილებით მეტის გადახდა რეალურ ღირებულებასთან შედარებით.
საბჭოთა მანეთი უფრო "ღარიბების" ვალუტა იყო, ხოლო ქართული ლარი უფრო "მდიდრებისაა". იმ გაგებით, რომ მაღალი შემოსავალი უკავშირდება პრივილეგიებს, რომლებსაც კონკრეტული "მონეტიზებული" ღირებულება აქვთ, მაგრამ ხელფასებსა და შემოსავლებში არ აღირიცხება.
- განვითარებულ ქვეყნებში თუ არსებობს მითითება, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასი რაღაც ნიშნულს არ უნდა ასცდეს?
- როგორც წესი, არა. თუმცა ბევრ ქვეყანაში გაჭირვებულებს სასურსათო ტალონებით ეხმარებიან. ურიცხავენ განსაზღვრულ თანხას, რომლითაც მხოლოდ პირველადი მოხმარების საგნების ყიდვა შეუძლიათ.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში დახმარებას 43 მილიონი კაცი იღებს, თითოეული დაახლოებით 150 დოლარად ღირებულ პროდუქტს თვეში. ეს დიდი თანხა არ არის ამერიკული ფასების გათვალისწინებით, მაგრამ გაჭირვებულ ოჯახებს შეღავათს აძლევს. ეს არ გულისხმობს, რომ სახელმწიფომ მოსთხოვოს მწარმოებელს ან გამყიდველს ფასების დაწევა. თუმცა ფასებს ზოგიერთ მაღალი სოციალური ღირებულებისა და მნიშვნელობის საქონელზე ბევრ ქვეყანაში სუბსიდირების სისტემას უპირისპირებენ.
- საქართველოში ასეთი რამ არ განიხილება?
- ჯერჯერობით არა, თუმცა მოქმედებს დახმარების ვაუჩერული სისტემა - ელექტროენერგიის კომუნალურ გადასახადზე მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 20 ლარია. პირველადი მოხმარების პროდუქტებით ჰუმანიტარული დახმარება საქართველოში არცთუ იშვიათია, თუმცა ეს ცალკეულ პირთა და ორგანიზაციათა კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. სახელმწიფო შეღავათების სისტემა მოქმედებს საქართველოს მთიანეთში - იქაურებს უფრო მაღალი ხელფასები და პენსიები აქვთ, სარგებლობენ სხვა პრივილეგიებითაც.
ქვეყანაში მოხმარებული აგროსასურსათო პროდუქციის 2/3-ზე მეტი იმპორტირებულია და ამის გამო ქვეყნიდან დიდი ოდენობის ვალუტა გადის. ახლა ოდნავ შემცირდა, თუმცა ორიოდე წლის წინ ამ კატეგორიის საქონლის ექსპორტ-იმპორტის უარყოფითი სავაჭრო სალდო 0,5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატებოდა. ამჟამად 400 მილიონი დოლარის ფარგლებშია. ეს ფანტასტიკურად დიდი რიცხვია. ჩვენ ეროვნულ ბანკს ვაკრიტიკებთ, რატომ არ მოახდინა რამდენიმე მილიონი დოლარის ინტერვენცია ლარის კურსის დასაჭერადო და წარმოგიდგენიათ, 400 მილიონი აშშ დოლარი ყოველწლიურად გადის ქვეყნიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია არ გვყოფნის.
იხილეთ სრულად გაზეთ კვირის პალიტრის 24 ივნისის ნომერში