„რუსეთის ბაზარზე ექსპორტის ზრდით შეგვიძლია ცოტათი უკეთ ვიყოთ, ევროკავშირის ბაზრით კი შეგვიძლია საბოლოდ დავამარცხოთ სიღარიბე“.
ასე ეხმაურება "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" უფროსი ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოში ფრენების აკრძალვის ფაქტს.
„მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლიდან რუსეთმა ბაზარი გაგვიხსნა, რადგან დღეს ჩვენ წინააღმდეგ სადამსჯელო ბერკეტები ქონოდა, ევროკავშირში თითქმის 2-ჯერ მეტი ღირებულების საქონელი გაგვაქვს! რუსეთის ბაზარი არის 1.6 ტრილიონი დოლარი, ევროკავშირის კი 12-ჯერ დიდი - 19 ტრილიონი დოლარი. რუსეთში დიდი ხანია იცნობენ ქართულ ნაწარმს, ევროკავშირში კი ახლა იკიდებს ფეხს და საკმაოდ წარმატებით. ევროკავშირი ბაზრის სანაცვლოდ ტერიტორიებს არ გვართმევს! რუსეთის ბაზარზე ექსპორტის ზრდით შეგვიძლია ცოტათი უკეთ ვიყოთ, ევროკავშირის ბაზრით კი შეგვიძლია გავმდიდრდეთ, საბოლოოდ დავამარცხოთ სიღარიბე! ვისწავლოთ, ვიშრომოთ და ამას ძალიან მალე მივაღწევთ,“-აცხადებს ნამჩავაძე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოში ფრენები დროებით აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. აკრძალვა ძალაში 8 ივლისიდან შევა და დროებით იმოქმედებს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით, ამ შეზღუდვის მიზანია, რუსეთის ეროვნული ინტერესების დაცვა და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა. ამასთან, პუტინმა ტუროპერატორებს მითითება მისცა, რომ აკრძალვის პერიოდში საქართველოს მიმართულებით ტურისტული საგზურები არ გაყიდონ. პუტინმა მინისტრთა კაბინეტს დაავალა, სამშობლოში დააბრუნონ რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში დროებით არიან.