დაინიშნა თუ არა დამატებითი ავიარეისები რუსეთის მიმართულებით

8 ივლისიდან რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდება. მანამდე კი, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელისუფლებას დაავალა მიიღონ ზომები საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეების და მათი ბარგის რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებისთვის. რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში 5-7 ათასი ორგანიზებული ტურისტი იმყოფება და დაახლოებით სამ-ოთხჯერ მეტია ე.წ. დამოუკიდებელი მოგზაური.

პუტინის ამ განცხადების შემდეგ, სოციალურ ქსელში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა რუსი ტურისტების მიერ ქვეყნის მასიურად დატოვებასთან დაკავშირებით. მათ შორის, იყო საუბარი დამატებითი ავიარეისების დანიშვნის შესახებ.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, დაინიშნა თუ არა საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან რუსეთის მიმართულებით დამატებითი რეისები. როგორც თბილისის და ბათუმის, ასევე ქუთაისის აეროპორტებში განაცხადეს, რომ ფრენები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და რუსეთის მიმართულებით დამატებითი რეისები არ დანიშნულა.

ცნობისათვის, საქართველოში ფრენებს ამ დროისთვის ექვსი რუსული ავიაკომპანია ასრულებს. ესენია: „ურალის ავიახაზები“, „სიბირი (S7)“, „პობედა“, „აეროფლოტი“, „ნორდავია“ და „რედ ვინგსი“. ამასთან, რუსეთის მიმართულებით ფრენებს ასრულებენ ქართული ავიაკომპანიები „ჯორჯიან ეარვეისი“ და „მაი ვეი ეარლაინსი“. ფრენები სრულდება თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში.

რუსეთის ქალაქები კი, საიდანაც საქართველოში ფრენები სრულდება ან დაწყება იგეგმებოდა, შემდეგია: მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი, სამარა, ეკატერინბურგი, პერმი, როსტოვი, კრასნოდარი, ნოვოსიბირსკი, ყაზანი, ჟუკოვსკი და სოჭი.