რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოში ფრენები დროებით აკრძალა.
აკრძალვა ძალაში 8 ივლისიდან შევა და დროებით იმოქმედებს. აღნიშნული აკრძალვა უკვე გახდა მოქალაქეების თუ ბიზნესის მხრიდან სხვადასხვა კამპანიის და აქტივობის წამოწყების მიზეზი. ამასთან, აქტიურად საუბრობენ იმაზე თუ რა შედეგს მოუტანს საქართველოს რუსეთიდან ტურისტების შემცირება. მაგრამ აღსანიშნავია, რომ დანახარჯების მიხედვით, რუსები ერთ-ერთ ბოლო ადგილზე არიან.
კერძოდ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში ვიზიტზე ყველაზე მეტი - 3,541 ლარი ესპანეთიდაც ჩამოსულმა ტურისტებმა დახარჯეს. მას მოსდევს ვიზიტორები გაერთიანებული სამეფოდან - 3,189 ლარით; მე-3 ადგილზეა ამერიკის შეერტთებული შტატები - 3,047 ლარით. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ყატარი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები ინაწილებენ, შესაბამისად, 2,868 და 2,719 ლარით.
მაღალმხარჯველიან ვიზიტორების ათეულში ხვდებიან ასევე: იტალია (2,504); საუდის არაბეთი (2,500); საფრანგეთი (2,459); ისრაელი (2,407) და პოლონეთი (2,183).
ჩამონათვალი სულ 20 ქვეყანას მოიცავს და რუსეთი ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა. კერძოდ, რუსი ვიზიტორების საშუალო დანახარჯი - 1,326 ლარი იყო. ის ამ მაჩვენებლით მხოლოდ ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორიცაა: თურქეთი (923); სომხეთი (540); აზერბაიჯანი (385).
ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით, ავიარეისების შეზღუდვის მიზანია, რუსეთის ეროვნული ინტერესების დაცვა და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა. ამასთან, პუტინმა ტუროპერატორებს მითითება მისცა, რომ აკრძალვის პერიოდში საქართველოს მიმართულებით ტურისტული საგზურები არ გაყიდონ. პუტინმა მინისტრთა კაბინეტს დაავალა, სამშობლოში დააბრუნონ რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში დროებით არიან.