„თბილისში Airbnb-ზე ბინების 90% რუსეთის მოქალაქეების მიერ არის დაქირავებული“ - ამის შესახებ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ფრენების შეჩერებით და ტურისტების შემცირებით, ქვეყანა დაახლოებით, 750 000 000 დოლარს დაკარგავს.
„ორი დღეა უკვე მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე ვართ გადასული. დავთვალეთ ციფრები - დღეს რომ სრულად ჩაიკეტოს რუსული ბაზარი და ტურისტები არ ჩამოვიდნენ, ტურიზმის ადმინისტრაციის სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანა 2,1 მილიარდი ლარის, დაახლოებით 750 000 000 დოლარის ზარალს მიიღებს, რაც ყველაზე მეტად აჭარაზე გადანაწილდება. დიდ დატყმას მიიღებენ დღიურად გასაქირავებელი ბინების მეპატრონეები. თბილისში Airbnb-ზე დაახლოებით 22 000 ბინაა რეგისტრირებული და ამ ბინების თითქმის 90% რუსეთის მოქალაქეების მიერ არის დაქირავებული.
მართალია, რუსი ტურისტები არ არიან მარალმხარჯველიანები, თუმცა რაოდენობრივად ბევრი ტურისტი შემოდიოდა რუსეთიდან და რაოდენობიდან გამომდინარე დანახარჯი თანხობრივად უფრო მეტი გამოდიოდა“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.
მისივე თქმით, რუსი ტურისტების ზრდის გამო გაიზარდა ფრენების რაოდენობაც.
„2018 წლის ივნისის მდგომარეობით, ფრენების სეზონი როცა იწყებოდა, ივლისი, აგვისტო და სექტემბერი იყო პიკური, რა პერიოდშიც „რუსეთიდან საჰაერო გზით შემოსული ტურისტების რაოდენობა 60 000 ადამიანს აჭარბებდა თვეში, რაც საკმაოდ დიდი ციფრია", - დასძინა ჟურნალისტებთან საუბრისას შალვა ალავერდაშვილმა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს და გამოსავლის გზებს, ალავერდაშვილის თქმით, ბიზნესის სექტორმა გადაწყვიტა ტურისტულ კომპანიებთან და ავიაციასთან ერთად დასახონ გეგმა, რა ალტერნატივა შესთავაზონ ქვეყანას.
„დღეს 14:00 საათზე ვიკრიბებით სასტუმროები და კავშირზე ვართ როგორ ტურისტულ კომპანიებთან, ისე ავიაციასთან და ერთად უნდა მოვიფიქროთ, ერთად უნდა დავსახოთ გეგმა რა გავაკეთოთ. ერთ-ერთი ამოცანა იქნება, რომ რუსი ტურისტების რაიმე ალტერნატიული გზებით საქართველოში შემოვიყვანოთ", - აღნიშნა მან.
ავტორი: ალექსანდრა ისპირიანი