უმრავლესობის დეპუტატები აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებული რეგულაციების ამოქმედების ინიციატივით გამოდიან.
პარლამენტს დეპუტატების: ირაკლი ბერაიას, რატი იონათამიშვილის და გოგა გულორდავას ავტორობით, საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება, რომლის მიხედვით, იკრძალება აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის ან ტოტალიზატორის ორგანიზატორის შესახებ რეკლამის გავრცელება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ: აღნიშნული რეკლამა იმ ვებ-გვერდზე განთავსებით ვრცელდება, რომელზედაც აზარტული თამაშობა ან/და ტოტალიზატორი ეწყობა; აღნიშნული რეკლამის გავრცელება სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების ან სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის სპონსორობის სანაცვლო პირობაა; აღნიშნული რეკლამა გარე რეკლამაა და იგი ზოგადსაგანმანათლებლო და რელიგიური დაწესებულებებიდან არანაკლებ 100 მეტრის დაშორებით განთავსებით ვრცელდება; აღნიშნული რეკლამა ვიზუალურად განთავსებულია იმ ობიექტზე, სადაც აზარტული თამაშობა ან ტოტალიზატორი ეწყობა, ამასთანავე, რეკლამის განთავსების ფართობი 10 კვადრატულ მეტრს არ აღემატება და იგი აზარტული თამაშობის, ტოტლიზატორის, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის და ტოტალიზატორის ორგანიზატორის შესახებ ერთადერთი რეკლამაა აღნიშნულ ობიექტზე.
დაუშვებელი იქნება იმ ობიექტზე, სადაც აზარტული თამაშობა და ტოტალიზატორი ეწყობა, აზარტული თამაშობის, ტოტლიზატორის, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის და ტოტალიზატორის ორგანიზატორის შესახებ ინფორმაციის შემცველი ერთზე მეტი აბრის განთავსება და რომ ასეთ აბრას 10 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი ჰქონდეს.
ცვლილებები ხორციელდება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც“. კერძოდ, აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის და ტოტალიზატორის ორგანიზატორის შესახებ რეკლამის გავრცელების, აბრის განთავსების წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის განმეორება - დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.