თბილისის მთავრობა "სითი-პარკის" საქმიანობის შესახებ იმსჯელებს

ქალაქის ახალი ხელმძღვანელობა კომპანია "სითი-პარკის" წარმომადგენლებს შეხვდება.

თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, "სითი-პარკს" მომდევნო კვირის პარასკევს - 22 აგვისტოს მოუსმენენ.

"დაისმევა ის უამრავი კითხვა, რაც კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით დაგროვდა. მოვისმენთ ინფორმაციას გაწეული საქმიანობის და გაწეული ინვესტიციების შესახებ. გვექნება ჩვენი კონკრეტული პრეტენზიები "სითი-პარკის" საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც საზოგადოებიდან ობიექტურად მოდის. მე როგორც არჩეული მერი, ვაპირებ საზოგადოების ინტერესები ბოლომდე დავიცვა", - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა ქალაქის მთავრობა "სითი-პარკთან" დადებული ხელშეკრულების გაწყვეტას და ავტოპარკინგის საქმის სხვა კომპანიისთვის გადაბარებას, ნარმანიამ განმარტა, რომ ხორციელდება "სითი პარკის" საქმიანობის დეტალური ანალიზი და კომპანიის წარმომადგენლების მოსმენის შემდეგ, მიღებული იქნება გადაწყვეტილება სამომავლო ურთიერთობასთან დაკავშირებით. ნარმანიამ აქვე ისიც აღნიშნა, რომ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ძალიან კაბალურია.

ქალაქის მერმა პროექტ "პანორამა თბილისთან" დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით,

პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია დამუშავდება და შესაბამისი მსვლელობა მიეცემა.