შესაბამისი ნებართვის გარეშე მშენებლობა და მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს

შესაბამისი ნებართვის გარეშე მშენებლობა, მშენებლობის წარმოება სანებართვო პირობების დარღვევით და მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

ამ მიმართულებით “სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები პარლამენტში ინიცირებისთვის მზად არის.

პროექტის მიხედვით, ნებართვის გარეშე I ან II კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, აგრეთვე III, IV ან V კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა შესაბამისი ნებართვის გარეშე - დაისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით ერთიდან სამ წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი: არაერთგზის; ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ – დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

ამასთან, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ გავრცელდება კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე III კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე, აგრეთვე კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე I და II კლასის შენობა-ნაგებობის ან III კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციაზე (მათ შორის, მიშენებაზე ან დაშენებაზე), აგრეთვე ექსპლუატაციაში მიღებულ შენობა-ნაგებობაში ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართში წარმოებულ მშენებლობაზე (გარდა დაშენებისა).

აღნიშნული ნორმის მოქმედება ასევე არ ვრცელდება უძრავ ქონებაზე მშენებლობაზე, თუ უძრავი ქონება კერძო, სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის თანასაკუთრების ობიექტია.

შესაბამისი ნებართვის გარეშე მშენებლობისთვის იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

“სისხლის სამართლის კოდექსს“ კიდევ ერთი მუხლი ემატება, რომლის მიხედვით, მშენებლობის წარმოება სანებართვო პირობების - განაშენიანების რეგულირების პარამეტრების (K1 და K2 კოეფიციენტების), ან მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსების მაქსიმალური სიმაღლის დარღვევით - დაისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი: არაერთგზის; ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ – გამოიწვევს დასჯას ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

პროექტის გათვალისწინებით, K1 კოეფიციენტის დარღვევად ჩაითვლება შემთხვევა, თუ მშენებლობის შედეგად მოხდა მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტის გადამეტება 5%-ზე მეტით ან 20 კვადრატულ მეტრზე მეტით. K2 კოეფიციენტის დარღვევად ჩაითვლება შემთხვევა, თუ მშენებლობის შედეგად მოხდა მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება 5%-ზე მეტით ან 100 კვადრატულ მეტრზე მეტით.

მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსების მაქსიმალური სიმაღლის დარღვევად ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც შენობა-ნაგებობის სიმაღლე გადააჭარბებს შესაბამისი ნებართვით განსაზღვრულ მაჩვენებელს 10%-ზე მეტით ან 2 მეტრზე მეტით.

ამასთან, აღნიშნული დანაშაულისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს I და II კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების სამშენებლო საქმიანობისას. იურიდიული პირი კი დაისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

რაც შეეხება მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, ეს გამოიწვევს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. იურიდიული პირი კი, დაისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორები უმრავლესობის დეპუტატები არიან.