ევროკავშირში მუშავდება სამოქმედო გეგმა იმ შემთხვევაში, თუ აშშ განაგრძობს მსოფლიოს სავაჭრო ორგანზაიციის მუშაობის ბლოკირებას, კონკრეტულად კი ხელი შეუშალოს ახალი მოსამართლეების დანიშვნას მსო-ს სააპელაციო ორგანოში. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Welt am Sonntag ევროკავშირში არსებულ დოკუმენტებზე და გერმანიის ხელისუფლებაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ევროკომისარ სესილია მაალსტრომის თანამშრომლები განიხილავენ შესაძლებლობას, შექმნან ალტერნატიული საარბიტრაჟო სასამართლო მსო-ს ფარგლებს გარეთ, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს პარალელური ორგანიზაციის დაფუძნებას. ამჯერად კონკრეტული მოლაპარაკებები ამის თაობაზე მიმდინარეობს კანადასთან. თუ ის წარმატებით დასრულდება, გახდება მაგალითი სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებების შედეგად მსგავსი ორმხრივი შეთანხმებისთვის.
წინასწარი ვარაუდით, სავაჭრო დავების დარეგულირებას სამი ადამიანი უზრუნველყოფს, რომლებსაც მსო-ს გენერალური დირექტორი ორგანიზაციის სააპელაციო ორგანოს თანამშრომლებისგან შეარჩევს. ამ დროისთვის ევროკავშირი აცხადებს, რომ ეს ორგანო იქნება დროებითი.
შეგახსენებთ, აშშ-მა მსო-ს წევრ ზოგიერთ ქვეყანას იმპორტიორებულ პროდუქციის ნაწილზე საბაჟო ტარიფები დაუწესა. ვაშინგტონს არ სურს დაუშვას, რომ მისი ეს ნაბიჯები შეფასდეს არაკანონიერად და აქედან გამომდინარე ახდენს ახალი მოსამართლეების დანიშნვის ბლოკირებას მსო-ს სააპელაციო ორგანოში. ამჯერად ორგანო სამი წევრისგან შედგება, მაშინ როცა საჭიროა შვიდი. ამ სამიდან ორის უფლებამოსილება წლის ბოლომდე იწურება, შედეგად კი ეს ორგანო პრაქტიკულად სრულიად უფუნქციო ხდება.