12 სახეობის პრემიუმ-ხარისხის ჩაი და 4 საექსპორტო ბაზარი - ეს არის „მანნას“ ზუსტად 2-წლიანი მუშაობის მთავარი შედეგი. მწარმოებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ გაჩერებას არ აპირებენ და უახლოეს მომავალში მომხმარებელს ჩაის ახალ სახეობებს შესთავაზებენ. მეტიც, კომპანია უფრო აქტიურად იწყებს მუშაობას ექსპორტის მიმართულებითაც. როგორც „მანნას“ დამფუძნებელი ირაკლი ღურჭუმელია აცხადებს, კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე უკვე „სინერჯი კაპიტალთან“ ერთად გადადის, რომელიც „მანნას“ წილობრივი პარტნიორი გახდა.
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო „მანნა“ 2017 წლის ივლისში გაიხსნა. საწარმოში სტაბილურად 22 ადამიანია დასაქმებული, თუმცა თანამშრომლების დამატება სეზონურად, საჭიროებიდან გამომდინარე ხდება. თავდაპირველად კომპანია 4 სახეობის ჩაის აწარმოებდა. 2-წლიანი მუშაობის შემდეგ ასორტიმენტი 12 სახეობამდე გაიზარდა. 2019 წელს კი „მანნას“ ბრენდით ბაზარზე შავი და მწვანე ჩაი ლიმნით გამოჩნდა, რომელიც გამოირჩევა ქართული ლიმნის ცოცხალი არომატებით და მდიდარია P და C ვიტამინებით.
„მიმდინარე წლის განმავლობაში კიდევ რამდენიმე სახეობის ჩაის დავამატებთ, ამჯერად უფრო ხილის ჩაის, რამდენადაც მასზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია როგორც საქართველოში, ასევე საექსპორტო ბაზრებზე“, - განაცხადა ირაკლი ღურჭუმელიამ.
„მანნა“ წლის განმავლობაში 10 ათას ტონა ჩაის აწარმოებს. კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია საქართველოს თითქმის ყველა სუპერმარკეტსა და ჰიპერმარკეტების ქსელში, ასევე სხვადასხვა სასტუმროებსა და კაფე-ბარებში. „მანნას“ ჩაის დაგემოვნება მომხმარებელს უკვე აღმოსავლეთ ევროპის 4 ქვეყანაში - ჩეხეთში, სლოვაკეთში, პოლონეთსა და ლატვიაში შეუძლია, ექსპორტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთთან და ბელარუსთან.
კითხვაზე, თუ როგორ უწევს „მანნა“ კონკურენციას როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ პროდუქციას, ირაკლი ღურჭუმელია პასუხობს, რომ „პრემიუმ-ხარისხის ქართული ნედლეულით“.
„ქართულ ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ დიდია, ისევე როგორც მსოფლიო ბაზარზე. ამიტომაც პრემიუმ-ხარისხის პროდუქციის წარმოებაზე ავიღეთ აქცენტი. ამ ნაწილში, რა თქმა უნდა, არის კონკურენცია, მაგრამ უფრო ადვილია მასში მონაწილეობა, ვიდრე დაბალი ხარისხის ჩაის ბაზარზე. ძირითადი კონკურენტი არის იმპორტირებული ჩაი, მაგრამ ჩვენი პროდუქციის პრიორიტეტი არის ის, რომ სუფთა ქართულია, ქართული ნედლეულით არის ყველაფერი დამზადებული. ფასთა სეგმენტი რომ აიღოთ, „მანნას“ ჩაი, ფაქტობრივად, უმაღლესი ჩაის სეგმენტთა შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალფასიანია. შესაბამისად, ჩვენი უპირატესობა მაღალი ხარისხი და კონკურენტული ფასებია“- განმარტა ირაკლი ღურჭუმელიამ.
2-წლიანი მუშაობის შემდეგ „მანნა“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და გეგმავს როგორც საექსპორტო ბაზრების უფრო მეტად დივერსიფიცირებას, ასევე წარმოებაში ახალი სახეობების დამატებას. ახალი მიზნების მიღწევას კი „მანნა“ „სინერჯი კაპიტალთან“ თანამშრომლობით გეგმავს.
ირაკლი ღურჭუმელია აცხადებს, რომ პარტნიორად „სინერჯი კაპიტალის“ არჩევის მთავარი მიზეზი ერთი რამ იყო - „სინერჯი კაპიტალში“ ბიზნესს ისე უყურებენ, როგორც განვითარებულ ქვეყნებში“.
„საერთოდ, როდესაც კომპანია იზრდება, მას ყოველთვის სჭირდება დამატებით როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური რესურსი. ეს საჭიროა იმისათვის, რომ კომპანიამ ბაზარზე არსებული მოთხოვნები დააკმაყოფილოს და არ ჩამორჩეს ტრენდს. „სინერჯი“ ავირჩიეთ რამდენიმე კრიტერიუმის გამო: პირველი - მას აქვს ის ნოუჰაუ, რაც ბევრ სხვა კომპანიას არ აქვს. მეორე - ორგანიზაცია დაკომპლექტებულია ძალიან თანამედროვედ მოაზროვნე ხალხისგან და რაც მთავარია, ეს ჯგუფი ბიზნესს ზუსტად ისე უყურებს, როგორც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში“, - დასძინა ღურჭუმელიამ.
ცნობისათვის, „სინერჯი კაპიტალი“ სინერჯი ჯგუფის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ეძებს ზრდის განსაკუთრებული პოტენციალის მქონე კომპანიებს და კაპიტალში შესვლითა და საბრუნავ საშუალებებში ინვესტირებით, ასევე მართვის სისტემების მოწესრიგებით ეხმარება მათ ღირებულების გაზრდაში. „მანნაში“ „სინერჯი კაპიტალმა“ განსაკუთრებული პოტენციალი დაინახა და ეს არის ექსპორტის უფრო მეტად გაზრდა.
ნონა ქარქუზაშვილი, „სინერჯი კაპიტალის“ პარტნიორი: „ბოლო პერიოდში ჩაის მიმართ ადამიანების დამოკიდებულება იცვლება და ყავიდან ხალხი უფრო მეტად ჩაის მოხმარებაზე გადადის, შესაბამისად, ჩაის მსოფლიო ბაზარიც ყოველწლიურად 3-4%-ით იზრდება. იზრდება ქართული ბაზარიც. „მანნა“ კი ქართულ კომპანიებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა. მოგვეწონა დამფუძნებლების ბიზნესისადმი ხედვა, ის, რომ პროდუქცია არის ნატურალური, 100%-ით ქართული და ჯანსაღი. იმის გამო, რომ ჩაის ბაზარიც საინტერესოა და კომპანიაც ერთ-ერთი საუკეთესო, ამიტომ გადავწყვიტეთ ამ კომპანიაში შესვლა. „მანნასთან“ მიმართებით ჩვენი მთავარი სტრატეგია არის ექსპორტის მიმართულების განვითარება, რისი პოტენციალიც ნამდვილად აქვს“.