მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მიმართულებით ფრენები აიკრძალა, საქართველო ტურისტების რაოდენობის შემცირების რისკის წინაშე დადგა.
საზოგადოების დიდმა ნაწილმა ამ რისკის გასანეიტრალებლად, შიდა ტურიზმის განვითარებაში წვლილის შეტანა გადაწყვიტა და შვებულების გატარებას უცხოეთის ნაცვლად საქართველოში გეგმავს, ასევე მოუწოდებს უცხოელ მეგობრებს, საქართველოს ესტუმრონ ზაფხულის არდადეგების გასატარებლად.
"პალიტრა მედია ჰოლდინგი" იზიარებს საზოგადოებრივ მუხტს და შიდა ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით, იწყებს უპრეცედენტო კამპანიას -#ქართულიზაფხული, რომლის ფარგლებშიც სარეკლამო სივრცეს უსასყიდლოდ დაუთმობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მდებარე სასტუმროებსა თუ საოჯახო სასტუმროებს.
კამპანიაში #ქართულიზაფხული "პალიტრა მედიის" რამდენიმე პლატფორმა ჩაერთვება, მათ შორის: ტელეკომპანია "პალიტრანიუსი", ვებ-გვერდი AMBEBI.GE, გაზეთი "კვირის პალიტრა". შესაბამისად, სასტუმროების მფლობელები შეძლებენ საკუთარი ბიზნესის შესახებ გაავრცელონ ინფორმაცია და მეტ ქართველს მიაწვდინონ ხმა, იმისთვის რომ შიდა ტურიზმით მეტი ადგილობრივი დაინტერესდეს.
"#ქართულიზაფხული არის სამოქალაქო სოლიდარობის აქტი, რომელსაც გვსურს ჩვენთან ერთად შეუერთდნენ ჩვენი მაყურებლები და მკითხველები. თანამოქალაქეებს მოვუწოდებთ #დავაფასოთსაკუთარი და მოვიწყოთ #ქართულიზაფხული" - აცხადებენ "პალიტრა მედიაში".
ახალი კამპანიის შესახებ დამატებით დეტალებს "პალიტრა მედიის" ვებ-გვერდებზე იხილავთ.