გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მაისის თვეში კუს ტბისა და თბილისის ზღვის წყლის ხარისხის დასადგენად სინჯები აიღეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს, აღებულ სინჯებში განისაზღვრა 29 კომპონენტი, მათ შორის 26 ქიმიური და 3 მიკრობიოლოგიური პარამეტრი.
უწყების ცნობით, პარამეტრზე კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში განხორციელდა. ჩატარებული ანალიზების შედეგების მიხედვით, კუს ტბისა და თბილისის ზღვის სინჯებში ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ დაფიქსირებულა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები საბანაო სეზონზე (მაისიდან სექტემბრის ჩათვლით), თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე წყლის რეგულარულ მონიტორინგს აგრძელებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ზედაპირული წყლების მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. ყოველთვიური კვლევების შედეგები განთავსებულია სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.