ღვინის ეროვნული სააგენტო - არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს, რომ ქართული საექსპორტო პროდუქციის ხარისხი ეჭვქვეშ დადგეს

ღვინის ექსპორტის რაოდენობრივი ზრდის პარალელურად, ქართული მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქართული ღვინის ხარისხის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს მეღვინეობის დარგის მარეგულირებელი ორგანოს, ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ქართული ღვინის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა და მისი კონტროლია.

"ამ მიზნით, 2017 წელს, „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში“ შესული ცვლილებებით, 2018 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარა ყველა კატეგორიის საექსპორტო ღვინო. 2018 წლის პირველ იანვრამდე სავალდებულო დეგუსტაციას მხოლოდ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები ექვემდებარებოდა. აღნიშნული ცვლილების ინიციატივა კერძო სექტორის მხრიდან მოდიოდა და მიზანი, სწორედ ღვინის ხარისხის გაუმჯობესება იყო. საკანომდებლო ცვლილებებით ასევე მოხდა საქართველოდან ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტის აკრძალვა, რათა არ მოხდეს ქვეყნის გარეთ ქართული ღვინის ფალსიფიკაცია.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიამ, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, 58 დეგუსტაცია ჩაატარა. სულ წარმოდგენილი იყო 2115 ნიმუში, მათგან 196 შეფასდა უარყოფითად.

ამასთან ერთად, მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში, საექსპორტო ღვინოების ინსპექტირების ფარგლებში, ღვინის კომპანიებიდან აღებულია 370-მდე ნიმუში, რაც საშუალოდ 50%-ით გაზრდილია გასული წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კომპანიებს საექსპორტო შესაბამისობის სერტიფიკატების გაცემაზე უარი ეთქვა 24 შემთხვევაში. სახელმწიფო კონტროლისა და სახელმწიფო ზედამხედველობის ფარგლებში შემოწმდა 30 კომპანია, აქედან 6 კომპანიის რამდენიმე დასახელების ღვინო არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ღვინის სხვა პარამეტრების შემოწმებასთან ერთად, ხორციელდება ალკოჰოლური სასმელის ნახშირბადის სტაბილური იზოტოპის თანაფარდობაზე შემოწმება.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში ხარისხის კონტროლი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ბოლო წლებში მუშაობა გაძლიერებულია. მნიშვნელოვანია, საქართველოში წარმოებული ათეულ მილიონობით ბოთლი ღვინო აკმაყოფილებდეს შესაბამის სტანდარტს. ვფიქრობთ, რომ არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს იმისათვის, რომ ეჭვქვეშ დადგეს ქართული საექსპორტო პროდუქციის ხარისხი",- ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.