„ჩვენ პირდაპირ ვაფასებთ ამ მოვლენას, როგორც გაფრთხილებას“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ,,შუხმან ვაინის’’ გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა განუცხადა.
საუბარია, „როსპოტრებნადზორის“ მიერ ქართულ ღვინოზე კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე. უწყებამ ქართული ღვინის ხარისხი დაიწუნა და განაცხადა, რომ კონტროლს უსაფრთხოებიდან გამომდინარე ამკაცრებს.
„ძნელია იმის პროგნოზირება, აღსრულდება თუ არა ეს ემბარგო. ამ ეტაპზე დადასტურებული ინფორმაცია არავის აქვს, თუმცა, ცხადია, დივერსიფიკაციის პოლიტიკა დაწყებულია. ქართული ღვინო საკმაოდ ბევრ საინტერესო ბაზრებზე უკვე არის წარმოდგენილი. სამწუხაროა, რომ გატანის 50%-ზე მეტი ჯერ კიდევ რუსეთში ფიქსირდება, რაც ეკონომიკურ ჭრილში რომ განვიხილოთ - თუ სრულად აიკრძალება, თითოეულ კომპანიას სავალალო მდგომარეობა ექნება და ბიზნესს საკმაოდ ძვირი დაუჯდება.
ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან დიდი ინვესტიცია ჩაიდო დარგში როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო ბიზნესის მხრიდან, თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც, დივერსიფიკაციაზე ვსაუბრობთ, ეს საკმაოდ გრძელი და რთული პროცესია. ამიტომ პერიოდი 2006 წლის რუსული ემბარგოდან დღემდე მაინც არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ქართულ კომპანიებს სრულად მოეხდინა რუსული ბაზრის იგნორი. ამასთან, უნდა ითქვას ისიც, რომ ეს არის ტრადიციული ბაზარი, სადაც ქართული ღვინის ცნობადობა, მოხმარება და მოთხოვნა ყოველთვის მაღალი იყო. შესაბამისად მწარმოებელს ურჩევნია იქ გაყიდოს, სადაც გაყიდვა და შემოსავლის მიღება მარტივად ხდება. ეს მოვლენა რუსეთის მხრიდან არის გაფრთხილება, რაც შეეხება ემბარგოს, არ მგონია ემბარგო განხორციელდეს. ვფიქრობ, ეს მხოლოდ მუქარაა და მუქარადვე დარჩება, რადგან სრულად აკრძალვის შემთხვევაში მხოლოდ ერთი კი არა, ორივე მხარე დაზარალდება. შესაბამისად, ვფიქრობ, ყველაფერი არც ისე ცუდადაა და ალბათ, ყველა მხარე ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას,“-აცხადებს აბრამიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს, „როსპოტრებნადზორმა“ ქართული ღვინის ხარისხი დაიწუნა. როგორც უწყებაში განაცხადეს, ბოლო 5 წლის განმავლობაში სტანდარტებთან შეუსაბამო ალკოჰოლური პროდუქციის იმპორტის მოცულობა საქართველოდან სამჯერ გაიზარდა. „როსპოტრებნადზორმა“ გაამკაცრა ქართული ღვინის კონტროლი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. უწყებაში აცხადებენ, რომ მხოლოდ 2018 წელს ჯამში საქართველოდან არ დაუშვეს 203 ათასი ლიტრი ღვინო, ხოლო რვა ქართველ მწარმოებელს ღვინის იმპორტი აეკრძალა. მათ შორის არიან: შპს "ბაგრატიონი -1882", შპს "ბოლერო და კომპანია", შპს "კახეთის ტრადიციული მეღვინეობა", შპს "ბადაგონი", შპს "ქართული ღვინის სახლი"; "კორპორაცია ქართული ღვინო", „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია" და შპს" ბატონო".
„როსპოტრებნადზორმა“ ხარისხის კონტროლის გამკაცრებაზე განაცხადება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის იმ განკარგულების შემდეგ გააკეთა, რომელიც საქართველო-რუსეთს შორის ავიარეისების შეჩერებას გულისხმობს.