Bloomberg საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს სათაურით - „სად უნდა წავიდეთ“. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, გავლენიანი მედიასაშუალება Bloomberg ვრცელ სტატიაში მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს აღწერს. სტატიაში წარმოდგენილია ტურისტული ადგილების, ქართული კერძების და ღვინის ამსახველი ფოტოგალერეა.
საქართველოს შესახებ სტატია Bloomberg-მა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით მოამზადა.
„საქართველო უძველესი აბრეშუმის გზის მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტზე მდებარეობს, რომელიც აღმოსავლეთს დასავლეთთან აკავშირებს. დღეს საქართველო ვიზიტორებს მრავალფეროვან და დაუვიწყარ თავგადასავლებს სთავაზობს.
სამხრეთ კავკასიონის კალთებზე, ტურისტებს ლაგოდეხის ეროვნულ პარკში შეუძლიათ ლაშქრობა. მოგზაურებს შეუძლიათ, ეწვიონ თვალწარმტაც ქუთაისს, უმშვენიერეს თბილისს, რომელიც გამორჩეულია ღამის ცხოვრებით და მდიდარი კულტურით. თქვენს სამოგზაურო სიაში აუცილებლად უნდა მოხვდეს ვარძია, ეს არის ქალაქი გამოქვაბულში.
გერგეთის სამება, მყინვარწვერთან მდებარე ტაძარი - ეს არის ადგილი, რომელიც ქვეყნის მდიდარი ლანდშაფტის დინამიურ სილუეტს ქმნის“, - აღნიშნულია სტატიაში.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტატიის ავტორი მკითხველს ხაჭაპურისა და ხინკლის დაგემოვნებას ურჩევს. სტატიაში საუბარი ქართველების ხასიათზეც არის.
„საქართველოს უდიდეს მრავალფეროვნებას ქმნის კულტურული საზოგადოება. ეს არის მხიარული, მეგობრული, ამაყი, მაგრამ უბრალო ხალხი. საქართველო არის როგორც ტრადიციული, ასევე მოდის მიმდევარი. თბილისი გამორჩეულია ფერადი სახლებით, გუმბათოვანი გოგირდის აბანოებით, ნეო-მავრიტანული სტილის ოპერის სახლით, თანამედროვე მშვიდობის ხიდით“, - ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში აღწერილია საქართველოს სხვადასხვა ქალაქიც:
„ბათუმი არის საზღვაო ქალაქი კაფე-ბარებით, ძველი ელეგანტური შენობებით, აქ არის ევროპის მოედანი, თანამედროვე ანბანის კოშკი, ალისა და ნინოს ძეგლი.
მცხეთა UNESCO-ს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ადგილად არის გამოცხადებული. ერთ დროს აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოს დედაქალაქი გარშემორტყმულია ციხე-სიმაგრეებითა და მონასტრებით“, - ნათქვამია Bloomberg-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
ასევე, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ ღვინოს, მის 8 000 წლის ისტორიასა და დამზადების წესებს.
„საქართველოში ვაზის 500-ზე მეტი სახეობაა. კლიმატური პირობებით, მთებით, ბუნებრივი წყლებითა და მინერალებით მდიდარი მდინარეებით გარშემორტყმული ვენახები ქართულ ღვინოს განსაკუთრებულ რეპუტაციას ანიჭებენ.
ქვევრი UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შესული, როგორც ღვინის დამზადების უწყვეტი ტრადიცია“, - წერს Bloomberg-ის ჟურნალისტი ჯოანა ფეიტონი.
საქართველოს შესახებ Bloomberg-ზე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მასშტაბური კამპანია დაიწყო.
მათი ცნობით, სარეკლამო კამპანია Bloomber-ის მრავალმილიონიან აუდიტორიას ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გააცნობს.
ტელეკომპანია Bloomberg-ს მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში 433 მილიონი მაყურებელი ჰყავს.