ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ქართველ მწარმოებლებს მიმართავს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო-რუსეთის დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ქართულ საექსპორტო პროდუქციას რუსეთის ბაზარზე კიდევ ერთხელ შეექმნა პრობლემები, რაც ქართველი მწარმოებლებისათვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
სწორედ ამიტომ, ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ქართველ მწარმოებლებს საკუთარ პლატფორმას სთავაზობს, რაც გულისხმობს საქართველოში წარმოებული პროდუქციის წარდგენასა და ექსპორტს იმ ქვეყნებში, სადაც ქართულ დიასპორა აქტიურად მოღვაწეობს.
„ვფიქრობთ, რომ სწორედ ქართული დიასპორის მეშვეობით შევძლებთ სხვადასხვა ქართული პროდუქტის ახალ საექსპორტო ბაზარებზე პოზიციონირებას. პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატა რამდენიმე წელია ახორციელებს სპეციალურ პროექტს "ქართული პროდუქცია დიასპორას", რომლის ფარგლებში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის ხდება ქართული პროდუქციისა და სერვისების მიწოდება საქართველოდან.
სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, პირველად განხორციელდა საქართველოდან ადგილობრივი ტყავის ნაწარმის გატანა ევროკავშირის ტერიტორიაზე.
ქართულ დიასპორაში საცალო ელექტრონული ვაჭრობის მიზნით, პალატის მეშვეობით ქართული დიასპორისთვის შეიქმნა ქართული პროდუქციის/სერვისების ონლაინ მაღაზია - www.saradjishvili.com, რომელშიც ამჟამად მიმდინარეობს ქართული პროდუქციის/სერვისების განთავსება.
ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატა 2018 წელს დაფუძნდა უცხოეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენების მიერ. 11 ქვეყანაში პალატას უკვე ყავს თავისი წარმომადგენელი“,-ნათქვამია განცხადებაში.