ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 12 ახალი მიმართულება ემატება. ესენია: ფრანკფურტი, ჰამბურგი, ბადენ-ბადენი, ვენეცია, ნეაპოლი, ნიცა, პიზა, სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, პოზნანი, ჰერაკლიონი და ტურკუ.
ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას „ვიზ ეარი“ (Wizz Air) მეოთხე და მეხუთე ბაზირებულ AIRBUS A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდებს ამატებს. მეოთხე ბაზირებული ბორტი 2019 წლის ბოლოდან რეგულარულ ფრენებს ევროკავშირის ქვეყნების 7 მიმართულებით: პოზნანი, ჰამბურგი, ნეაპოლი, ვენეცია, პიზა, ფრანკფურტი და ბადენ-ბადენში შეასრულებს. ხოლო, 2020 წლის ზაფხულიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს მეხუთე ბაზირებული საჰაერო ხომალდით კიდევ ევროპის ხუთი ახალი მიმართულება: სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ტურკუ, ნიცა და ჰერაკლიონი დაემატება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოდან დღემდე ფინეთსა და შვედეთში პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა არ სრულდება.
შესაბამისი შეთანხმებას ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და უნგრული დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „ვიზ ეარის“ (Wizz Air) ლოგისტიკის დირექტორმა, ანდრაშ სებოკმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან“ რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებისა და წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული საჰაერო ხომალდის დაანონსებიდან უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში - 4 თვეში, ვიზეარი ქუთაისში მეოთხე და მეხუთე თვითმფრინავსა და 12 ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს. 2020 წლის ზაფხულისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ევროკავშირის უკვე 19 ქვეყნის 39 მიმართულებით იქნება შესაძლებელი.
ავიაკომპანია „ვიზ ეარმა“ ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 2016 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რეგიონში ავიაკომპანიის პირველი ბაზა გაიხსნა. 2017 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს „ვიზ ეარს“ მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი და ევროპის ხუთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება დაემატა. 2018 წელს „ვიზ ეარმა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის 95 პროცენტი გადაიყვანა ( 587 643 მგზავრი) და საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველად, „ვიზ ეარი“ ბაზრის ლიდერი გახდა.