ლარი ბოლო წლებში რომ გარე შოკებზე მყისიერად რეაგირებს, ეს არც ახალია და ამაზე არავინ დავობს. ასე ხდება მაშინ, როდესაც თურქული ლირა უფასურდება, გაიაფებული ნავთობის გამო რუბლის კურსი ეცემა და ასე მოხდა მაშინაც, როდესაც ჩრდილოელმა მეზობელმა საქართველოში ფრენები აკრძალა. მოსკოვის უფრო მძიმე ეკონომიკურ გადაწყვეტილებას - ემბარგოს კი, ქართულ ეროვნულ ვალუტაზე გავლენა ფაქტობრივად, არ ჰქონია, უფრო მეტიც, გრძელვადიან პერიოდში ლარი დოლარის მიმართ 11 პუნქტით გამყარდა.
როგორც ცნობილია, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით 8 ივლისიდან საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეჩერდება. მეტიც, პუტინმა მოუწოდა ტუროპერატორებს, რომ საქართველოში საგზურები არ გაყიდონ. ამასთან, მოსკოვში განაცხადეს, რომ გაამკაცრებენ ქართულ ღვინოზე კონტროლს. ფრენების აკრძალვაზე განცხადება 21 ივნისს გაკეთდა. 21 ივნისიდან დღემდე კი ქართული ლარი თითქმის 4 პუნქტით გაუფასურდა.
უფრო მძიმე იყო ქართული ეკონომიკისთვის რუსეთის ხელისუფლების 2006 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება. რუსეთის ფედერაციის მაშინდელმა მთავარმა სანიტარულმა ექიმმა, გენადი ონიშენკომ ქართული ღვინის იმპორტი და გაყიდვა აკრძალა. გადაწყვეტილების მიზეზად კი ღვინოში პესტიციდების დიდი რაოდენობა დაასახელა.
2006 წლის 5 მაისს ემბარგო ასევე დაწესდა ქართულ მინერალურ წყლებზე, კერძოდ ნაბეღლავსა და ბორჯომზე. მთავრობის განცხადებით, მინერალურმა წყლებმა ვერ დააკმაყოფილეს წყლის სისუფთავის კრიტერიუმები. იმავე პერიოდში აიკრძალა სხვა პროდუქტების შეტანაც.
იმ პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ექსპორტის მხრივ ძირითადად რუსეთზე იყო დამოკიდებული და ბაზრების დივერსიფიცირება მხოლოდ ემბარგოს შემდეგ მოგვიანებით მოხდა, ეროვნული ვალუტის კურსზე მას სერიოზული ნეგატიური გავლენა არ ჰქონია.
უფრო კონკრეტულად, 2006 წლის 27 მარტიდან, ანუ ღვინოზე ემბარგოს დაწესებიდან 5 დღის განმავლობაში ეროვნული ვალუტა საერთოდ არ გაუფასურებულა. 27 მარტს ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ იყო 1,8280 ლარი, 31 მარტს კი ერთი დოლარი 1,8270 ლარი გახდა.
ლარზე გავლენა არ მოუხდენია არც მინერალურ წყლებზე დაწესებულ ემბარგოს - 5 მაისს ერთი დოლარი 1,8152 ლარი ღირდა, 10 მაისისთვის დაწესებული კურსი კი ასეთი იყო - $1-1,8140 ლარი.
რუსულ ემბარგოს ნეგატიური გავლენა ლარზე არც გრძელვადიან პერიოდში ჰქონია, 2006 წლის ბოლოს ლარი თითქმის 11 პუნქტით გამყარდა, კერძოდ, 27 მარტს 1 დოლარი 1,8280 ლარი ღირდა, 31 დეკემბრის კურსით კი ერთი დოლარი 1,7135 ლარი გახდა.
დღეს, მართალია ემბარგო დაწესებული არ გვაქვს - იკრძალება მხოლოდ ფრენები და გავრცელდა განცხადება ღვინის კონტროლის გამკაცრებაზე, თუმცა ლარი უკვე გაუფასურდა და თანაც მნიშვნელოვნად. თუ ფრენების აკრძალვის განცხადების დღეს, ანუ 21 ივნისს ერთი დოლარი 2,7798 ლარი ღირდა, დღევანდელი კურსით ეს მაჩვენებელი 2,8333 ლარს შეადგენს, ანუ ლარი ამ 5 დღის განმავლობაში თითქმის 4 პუნქტით გაუფასურდა.