„ფინეთისა და შვედეთის მიმართულებით, პირველად ისტორიაში, პირდაპირი ფრენები გვექნება"

„მოხარული ვარ, რომ რამდენიმეთვიანი ინტენსიური მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და დღეს ხელი მოვაწერეთ კომპანია „ვიზეართან“ 12 ახალი ევროპული ავიამიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყებას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კომპანია WizzAir-თან ახალი შეთანხმების შესახებ ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

შეთანხმების შედეგად ქუთაისის აეროპორტიდან უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია 12 ახალი ავიამიმართულებით იფრენს შემდეგ ქალაქებში - ფრანკფურტი, ჰამბურგი, ბადენ-ბადენი, პოზნანი, ვენეცია, ნეაპოლი, ნიცა, პიზა, სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ჰერაკლიონი, ტურკუ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტიდან შვიდი ახალი ავიამიმართულებით პირდაპირი ფრენები წლის ბოლომდე დაიწყება, დანარჩენი მიმართულებებით რეისები კი 2020 წლის ზაფხულიდან შესრულდება.

„ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, მივიღოთ დამატებით ევროპელი ტურისტი. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ფინეთისა და შვედეთის მიმართულებით, პირველად ისტორიაში, გვექნება პირდაპირი ფრენები. როგორც იცით, სკანდინავიაში საქართველოს მონახულების მიმართ მზარდი ინტერესია და აქედან გამომდინარე, შევძლებთ, რომ ამ ქვეყნებიდანაც მივიღოთ ტურისტები. ეს არის შედეგი რამდენიმეთვიანი ინტენსიური მოლაპარაკების, რომელიც წარმატებით დასრულდა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, საქართველოს ტურისტული პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ ქვეყანა რეალურად უფრო მიმზიდველ ტურისტულ ადგილად ვაქციოთ, რომლის მონახულებაც ერთნაირად უხარია როგორც ევროპელ ტურისტს, ასევე ტრადიციული ბაზრებიდან მომავალ ტურისტს. ახალი ავიამიმართულებების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარის“ ლოგისტიკის დირექტორმა, ანდრაშ სებოკმა.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას Wizz air მეოთხე და მეხუთე ბაზირებულ AIRBUS A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდებს ამატებს. მეოთხე ბაზირებული ბორტი 2019 წლის ბოლოდან რეგულარულ ფრენებს ევროკავშირის ქვეყნების 7 მიმართულებით: პოზნანი, ჰამბურგი, ნეაპოლი, ვენეცია, პიზა, ფრანკფურტი და ბადენ-ბადენში შეასრულებს. ხოლო, 2020 წლის ზაფხულიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს მეხუთე ბაზირებული საჰაერო ხომალდით კიდევ ევროპის 5 ახალი მიმართულება: სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ტურკუ, ნიცა, ჰერაკლიონი დაემატება.

ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 2016 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რეგიონში ავიაკომპანია ვიზეარის პირველი ბაზა გაიხსნა. 2017 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს „ვიზეარის“ მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი და ევროპის 5 ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება დაემატა. 2018 წელს ვიზეარმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის 95 % გადაიყვანა (587,643 მგზავრი) და საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველად, ვიზეარი ბაზრის ლიდერი გახდა.