კახა კალაძე მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში თბილისში დაავადებულ ფიჭვებს მოჭრიან

თბილისის მერი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში თბილისში დაავადებულ ფიჭვებს მოჭრიან.

როგორც კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ხშირად ხდება ამ თემით მანიპულირება და მოსახლეობიის შეცდომაში შეყვანა, თითქოს მერია ჯანსაღ ხეებს ჭრის, რაც მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება.

„საზოგადოება ინფორმირებულია, რომ ქალაქში ძალიან ბევრი დაავადებული ფიჭვია. ძალიან მძიმე მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით, არაფერს ვაზვიადებ. ყველაზე ცუდი არის ის, რომ დაავადება გადამდებია. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. შესაბამისად, აუცილებელია დაავადებული ფიჭვის მოჭრა და ხდება ჩანაცვლება ახალი ხე-ნარგავებით. ჩვენ საგაზაფხულო რგვები უკვე განვახორციელეთ და ანალოგიურს ვაპირებთ საშემოდგომო პერიოდში. მე როგორც ვიცი, მომდევნო დღეების განმავლობაში იქნება კონკრეტულ ლოკაციებზე ქუჩებზე გამხმარი ფიჭვების ჭრის სამუშაოები და მინდა წინასწარ გავაფრთხილო საზოგადოება, რომ არავინ შეიყვანოს შეცდომაში, რადგან იყო ამ თემით მანიპულირება, ატყუებდნენ საზოგადოებას, რომ თითქოს ჯანსაღი ხეები იჭრებოდა“, - განაცხადა კალაძემ.