საქართველოს საფინანსო ბაზარზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგისტრაცია 14 მიკროსაფინანსო ორგანიზაციას გაუუქმდა, ამასთან, ერთი ერთეულით შემცირდა არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება, კომერციულმა ბანკებმა კი დამატებით 9 სერვის ცენტრი გახსნეს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, წინა წლის მაისთან შედარებით, ბაზარზე მისო-ების რაოდენობა 73-დან 58-მდე შემცირდა. დღეს ქვეყანაში 58 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს. (2018 წლის მაისში - 73 ორგანიზაცია).
ამასთან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა კომერციული ბანკების სერვის-ცენტრების რაოდენობაც. თუ 2018 წლის მაისის მონაცემით, საქართველოში კომერციული ბანკების 791 სერვის-ცენტრი მოქმედებდა, წელს მაისში ეს რაოდენობა 800-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ფილიალების რაოდენობას, 2019 წლის მაისში 134 ერთეული ოპერირებს, ისევე როგორც 1018 წლის ანალოგიურ პერიოდში.
ასევე ერთი წლის განმავლობაში 3-დან 2-მდე შემცირდა არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების რიცხვი.
საანგარიშო პერიოდში 204 ერთეულით შემცირდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რაოდენობაც. თუ 2018 წლის მაისში ბაზარზე ვალუტის გადამცვლელი 1 104 პუნქტი ოპერირებდა, ახლა მათი რაოდენობა 900-ს შეადგენს.
სამაგიეროდ, სწრაფად იზრდება სესხის გამცემი სუბიექტების რაოდენობა და დღეს უკვე 172 ერთეულს შეადგენს. იანვარში კი, როდესაც ასეთ სუბიექტებს რეგისტრაციის ვალდებულება დაეკისრათ, მხოლოდ 11 სუბიექტი ოპერირებდა, თებერვალში კი რეგისტრაცია უკვე 75 სესხის გამცემ სუბიექტს ჰქონდა გავლილი.