ბიზნესგაერთიანებები „ოქროს სიასთან“ დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრას ითხოვენ. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბიზნესგაერთიანებებს დღემდე არ მიუღია პასუხი წერილზე, რომელშიც ფინანსთა მინისტრს „ოქროს სიისა“ და სხვა საბაჟო შეღავათების გაუქმების შესახებ ახსნა-განმარტებას სთხოვდნენ. შესაბამისად, აუცილებლობად მიაჩნიათ, რომ უახლოეს დღეებში მამუკა ბახტაძემ ბიზნესისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართოს.
„ბიზნესპრესნიუსი“ ბიზნესგაერთიანებების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“ბატონო მამუკა, სამწუხაროდ, ბიზნეს-გაერთიანებებს დღემდე არ მიგვიღია პასუხი წერილზე, რომელშიც ფინანსთა მინისტრს ვთხოვდით ახსნა-განმარტებებს „ოქროს სიისა“ და სხვა საბაჟო შეღავათების გაუქმების შესახებ, მაშინ როდესაც ცვლილებები სრულად ძალაში შედის 2019 წლის 2 ივლისს.
გვინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ბიზნეს-სექტორის უმრავლესობისთვის რთულდება სამეწარმეო საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელება არასაკმარისი საბრუნავი საშუალებების გამო. აღნიშნული ასევე ეხება მცირე და საშუალო ბიზნესს, რომლებზეც გავრცელდება გადასახდელის გადახდის 5 დღიანი ვადა წინასწარ დეკლარირებულ საქონელზე, ნაცვლად მოქმედი 15-დღიანი ვადისა.
მოგმართავთ თხოვნით, უახლოეს დღეებში გამართოთ შეხვედრა ბიზნესისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან, ზემოხსენებული ბრძანების შინაარსისა და ძალაში შესვლის ვადებთან დაკავშირებით, რათა თავიდან ავიცილოთ ბრძანების დათქმულ ვადაში ამოქმედების შედეგად მოსალოდნელი ნეგატიური ცვლილებები“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 10 ორგანიზაცია აწერს: