იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის ფარგლებში, ჩინეთი საკუთარი ვალუტის გაუფასურებას დაიწყებს, დაიწყება პროცესების ჯაჭვი, რომლის შედეგადაც, ნავთობის ფასი დაახლოებით 50 პროცენტით, 30 დოლარამდე დაიკლებს - ასეთ პროგნოზს აქვეყნებს Bank of America Merrill Lynch-ი.
მალე ოსაკაში, G20-ის სამიტზე, შეერთებული შტატების და ჩინეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და სი ძინპენის შეხვედრა შედგება. მასზე მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის არსებულ დაძაბულ სავაჭრო ურთიერთობას განიხილავენ და პოზიციების დაახლოებას ეცდებიან.
Bank of America Merrill Lynch-ის გლობალური სასაქონლო ბაზრის ანალიტიკოსთა ჯგუფის შეფი ფრანცისკო ბლენჩი ამბობს, რომ თუ ტრამპი ჩათვლის, რომ შეხვედრამ სასურველი შედეგი ვერ მისცა, 300 მილიარდი დოლარის ჩინურ პროდუქციაზე საბაჟო ტარიფებს გაზრდის.
ჩინეთის მხრიდან, ამაზე ერთ-ერთი შესაძლო პასუხი შეიძლება გახდეს იუანის დასუსტებისთვის ხელის შეწყობა. ამ შემთხვევაში, ჩინეთის შიდა ბაზრისთვის ნავთობი გაძვირდება, რადგან საერთაშორისო ბაზარზე, ნავთობის ფასი დოლარში განისაზღვრება. ჩინეთი მსოფლიოში ნავთობის უდიდესი მომხმარებელია და ნედლეულის გაძვირება, იქ მოთხოვნის კლებას და შესაბამისად, საერთაშორისო ბაზარზე, მიწოდების სიჭარბეს გამოიწვევს.
ბლენჩი არ გამორიცხავს, რომ ჩინეთის საპასუხო ქმედება შესაძლოა, გახდეს ნავთობის ირანისგან შესყიდვა, რომელიც ბაზრიდან აშშ-ის სანქციების გამო არის გარიყული. თუმცა ბლენჩი ამ ვარიანტს თავადვე შეუძლებლად მიიჩნევს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ამ შემთხვევაში, ჩინეთს ურთიერთობა სხვა ქვეყნებთანაც გაურთულდება.
ნავთობის ფასი აპრილის ბოლოდან, დაახლოებით 20 პროცენტით არის შემცირებული, რისი ძირითადი მიზეზი, სწორედ აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო ომია, რაც უარყოფითად აისახება გლობალურ ეკონომიკაზე. ეს ფაქტორი ვერ გადაფარა ვერც ირანის წინააღმდეგ სანქციების სრულად ამოქმედებამ და ვერც OPEC-ის მიერ მიწოდების შეზღუდვამ.