თბილისში ივლისის ბოლოს პედიატრიული ქირურგიის ცენტრი კიდ.კო იხსნება, სადაც სხვა პედიატრიული კლინიკებისგან განსხვავებით ძირითადად, გეგმიური ოპერაციები ჩატარდება. კლინიკაში ოპერაციებს საქართველოში ცნობილი ბავშვთა ქირურგები ჩაატარებენ. განსხვავებული იქნება გარემო, ინტერიერი და სამედიცინო მომსახურების კონცეფცია.
საქართველოში პედიატრიულ-ქირურგიულ სერვისში სპეციალიზებული კლინიკა, რომელიც უპირატესად ქირურგიაზე იქნება ორიენტირებული, არ არსებობს. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ საქართველოში ასეთი ცენტრი გახსნილიყო. მრავალპროფილური კლინიკებისგან განსხვავებით ცალკე მდგომი შენობა იძლევა, როგორც ინფექციის კონტროლის, ისე კომფორტის განსაკუთრებული პირობების შექმნის შესაძლებლობას.
პედიატრიული ქირურგიის ცენტრი სინერჯი კაპიტალის პორტფელური კომპანიაა. მისი პორტფელის დირექტორის, ნონა ქარქუზაშვილის, განცხადებით ჯანდაცვის სექტორი სინერჯი კაპიტალისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა - „მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო მომსახურება იყოს მაქსიმალურად საიმედო და კომფორტული, განსაკუთრებით როცა ბავშვებთან გვაქვს შეხება. ჩვენი მიზანია პარტნიორებთან ერთად უმაღლესი კვალიფიკაციის პედიატრიული ქირურგების მოზიდვა და ბავშვთა ქირურგიული ოპერაციებისთვის, ასევე მათი წინა და შემდგომი მანიპულაციებისათვის სანდო, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა, როგორც ბავშვებისთვის, ისე მათი მშობლებისა და თავმდგომებისთვის“.
როგორც პედიატრიული ქირურგიის ცენტრის დირექტორი ირაკლი გამყრელიძე აცხადებს, კლინიკა 1 ივლისიდან იწყებს ამბულატორიულად პაციენტების მიღებას და სტაციონირებისათვის მომზადებას და ივლისის თვეში უკვე სრული დატვირთვით დაიწყებს ფუნქციონირებას და პატარა პაციენტების მიღებას.
„კლინიკაში ბავშვისთვის და მშობლისთვის იქმნება მაქსიმალურად კომფორტული პირობები და გარემო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვისთვის და მათი მშობლებისთვის ზოგადად სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა და განსაკუთრებით ქირურგიული ოპერაცია მნიშვნელოვან სტრესთან და ემოციურ დისკომფორტთანაა დაკავშირებული. არსებობს მოთხოვნა მაღალ ხარისხზე, კომფორტზე და მაღალი კვალიფიკაციის სერვისზე და შესაბამისად, გადავწყვიტეთ ამ გზით სვლა. და ვფიქრობთ პროექტი წარმატებულად მიმდინარეობს, ივლისის ბოლოს უკვე სრულად გავხსნით კლინიკას, სადაც ძირითადი კონცეფციის მიხედვით და ჩვენი პარაკლინიკური გუნდის დახმარებით მომსახურება წარიმართება მინიმალურად სტრესულ, სახალისო და ბავშვის ფსიქოლოგიური და ქცევითი საჭიროებებისათვის მორგებულ გარემოში, პალატების და ზოგადად კლინიკის ინტერიერიც მაქსიმალურად მიახლოებული იქნება ყოფით, კომფორტულ სასტუმრო გარემოსთან“, - განაცხადა ირაკლი გამყრელიძემ.
პედიატრიული ქირურგიის ცენტრში, რომელიც მდებარეობს ლუბლიანას ქუჩის 36 ნომერში, იქნება 14 ერთადგილიანი სასტუმროს ტიპის პალატა ხანგრძლივი დაყოვნებისთვის, 8 საწოლი პოსტოპერაციული ინტენსიური თერაპიისათვის, 4 საწოლი კი ერთი დღის ქირურგიის დღის სტაციონარისთვის.
„კლინიკა პაციენტებს სხვადასხვა დამატებით სერვისს შესთავაზებს, თუმცა ძირითადი აქცენტი არის გეგმიურ-ქირურგიულ სერვისზე. მივიღებთ გადაუდებელი ჩარევის აუცილებლობის მქონე პაციენტებსაც მაგ: ტრავმატოლოგიის ზოგადი ქირურგიის და უროლოგიის მიმართულებით, მაგრამ ვიმეორებ, ძირითადი გათვლა იქნება გეგმიურ ქირურგიაზე. წამყვანი მიმართულებები იქნება - ბავშვთა ზოგადი ქირურგია, ბავშვთა უროლოგია, ორთოპედია, ტრავმატოლოგია, ოტორალინგოლოგია, ოფთალმოლოგია, ნეიროქირურგია და ა.შ.“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, კლინიკაში ოპერაციებს მაღალკვალიფიციური ქირურგები ჩაატარებენ. „ჩვენ ვქმნით თანამედროვე ტექნიკით და შესაძლებლობებით აღჭურვილ, მაღალკვალიფიციური დამხმარე სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტებულ კლინიკას და ვთავაზობთ თანამშრომლობას მაღალი კლასის სპეციალისტებს. ყველა მიმართულებაზე ცნობადი, ძალიან მაღალი ნდობის მქონე სპეციალისტი იქნება წარმოდგენილი“, - აღნიშნა ცენტრის დირექტორმა.
პედიატრიული ქირურგიის ცენტრი საყოველთაო ჯანდაცვის გეგმიურ კომპონენტში უკვე ჩართულია, შესაბამისად, მას შემდეგ, რაც კლინიკა გაიხსნება, ის საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარებსაც მიიღებს.
როგორც ირაკლი გამყრელიძე აცხადებს, „სინერჯი კაპიტალთან“ საკმაოდ ბევრი წარმატებული პროექტის განხორციელება იგეგმება მომავალშიც, გამომდინარე იქიდან, რომ მათი მიდგომა ნებისმიერი სფეროს განვითარებისკენ, ორგანიზაციული სტრუქტურისა და სერვისების გაუმჯობესებისკენ საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს. „მათთან პარტნიორობა საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, - აღნიშნა ირაკლი გამყრელიძემ.
პედიატრიული ქირურგიის ცენტრი კიდ.კო - მისამართი: ლუბლიანას ქ. N 36, ტელეფონის ნომერი 032 2 25 17 12