კომპანიებს, რომლებიც თევზის ფქვილს აწარმოებენ ნებართვის აღება დასჭირდებათ. ამის შესახებ მთავრობის 12 ივნისის დადგენილებაშია აღნიშნული.
კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, თევზის ფქვილის მწარმოებელი ბიზნესოპერატორი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს და აღიარებას. აღნიშნული დადგენილება, 2019 წლის პირველი ივლისიდან უნდა ამოქმედდეს.
როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინაარის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დავით გობეჯიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, დადგენილების მიხედვით, ბიზნეს ოპერატორი, რომელიც აწარმოებს თევზის ფქვილს სავალდებულო აღიარებას უნდა დაექვემდებაროს.
„ბიზნეს ოპერატორს ექნება ვალდებულება შემოიტანოს განაცხადი სააგენტოში და კანონით განსაზღვრული ყველა პუნქტი დააკმაყოფილოს - როგორი უნდა იყოს საწარმო, რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს, რათა უზრუნველყოს უვნებელი და უსაფრთხო პროდუქტის წარმოება. აღიარების მინიჭების შემდეგ კი საწარმო უკვე სახელმწიფო კონტროლის ქვეშ იქნება,“-აღნიშნავს გობეჯიშვილი.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში დღეს 4 კომპანიაა ფოთში, რომელიც თევზის ფქვილს აწარმოებს და მათ ექსპორტს ახორციელებს თურქეთში. როგორც გობეჯიშვილი აცხადებს, ეს საწარმოები უკვე არიან საქმის კურსში, რომ 1 ლი ივლისიდან სურსათის სააგენტო მათ აღიარებას ქართული კანონმდებლობის მიხედვით მიანიჭებს და ინსპექტირებასაც მოახდენს.