ვაკანსიები, სადაც დასაქმების ყველაზე მეტი შანსი გაქვთ

საქართველოში დასაქმების პრობლემის გადაჭრა ისევ ვერ ხერხდება, ბევრი ადამიანი სამსახურის ძიებაშია.

თუმცა, მაღალი უმუშევრობის ფონზე საქართველოშიც არის ისეთი პროფესიები, რომლებზეც მოთხოვნა დიდია და სამსახურს შედარებით მარტივად იშოვით.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რომელ პროფესიებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა და შესაბამისად, რა სახის ვაკანსიები იდება დასაქმების საიტებზე ყველაზე ხშირად.

SS.ge-დან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ვგებულობთ, რომ ყველაზე ხშირად განცხადებები შემდეგ ვაკანსიებზე იდება:

სასტუმრო, რესტორანი, კვება

გაყიდვები

სილამაზე

დასუფთავება

ავტო. მომსახურება

რაც შეეხება ყველაზე ცოტა განცხადებას, ესენია:

იურიდიული

ინფორმაციული ტექნოლოგიური

დიზაინი-კრეატივი

ბუღალტერია

ლოჯისტიკა

როგორც დასაქმების სააგენტო hr.ge-ს რეგიონალურმა მენეჯერმა ინგა შახბაზიანმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, 2019 წლის მონაცემებით, გაყიდვების მიმართულებით ვაკანსიები 30%-იანი ზრდა ფიქსირდება.

„გაყიდვებს მოსდევს სასტუმრო, რესტორანი, კვების მიმართულებით პოზიციები, რომელიც 13%-ით გაიზარდა. მას მოსდევს 9%-იანი ზრდით ადმინისტრაციული პოზიციები, ბუღალტერია-ფინანსები - 8%-იანი ზრდით, საბანკო მიმართულება - 6%-იანი ზრდით, კლიენტთა მომსახურება - 5% და ასევე დასუფთავებას აქვს - 5%-იანი ზრდა. შემდეგ მოდის ლოჯისტიკა და მარკეტინგი, აქ ზრდა 5%-ზე ნაკლებია.

რაც შეეხება ვაკანსიების რაოდენობას, თვის განმავლობაში საიტზე დაახლოებით, 4 ათასამდე ვაკანსია თავსდება. თავიდან თვემდე ზოგიერთი სფერო უფრო აქტიურობს ხოლმე. მაგალითად, აპრილიდან სასტუმროების მიმართულება აქტიურდება, იმიტომ, რომ სეზონია. წელს განსხვავებული ისაა, რომ საბანკო სექტორი ძალიან გააქტიურდა.“ - აღნიშნა შახბაზიანმა.

მისი თქმით, ვაკანსიების დაახლოებით 70% თბილისშია, 30% კი რეგიონებზე ნაწილდება.

„ძირითადად, მოთხოვნადი რეგიონებია ბათუმი და ქუთაისი. თუმცა ესეც სეზონურად. მაგალითად, ახლა ბათუმია აქტუალური, რადგან სეზონი მოდის. კახეთის მიმართულებით, სასტუმროებში თელავში და ყვარელშია ვაკანსიები. გარდა ამისა, შესაძლოა, იყოს ვაკანსიები - გორსა და რუსთავში, სადაც უფრო საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორები აქტიურობენ.

რაც შეეხება ახალ პროფესიებს, 2017-2018 წელს ახალი ვაკანსია წარმოიშვა, ესაა პრობლემური სესხების ექსპერტი და პრობლემური სესხების მენეჯერი. ეს პოზიცია ადრე აქტუალური არ იყო. ბოლო დროს საქართველოში ძალიან ბევრი ორგანიზაცია შემოვიდა, რომლის ძირითადი საქმიანობაც საზღვარგარეთ ქოლცენტრით გაყიდვებია, შესაბამისად, აქტიურად გვაქვს ქოლ ცენტრის ოპერატორების ვაკანსიები. ასევე თებერვლიდან კომპანიებმა ნელ-ნელა დაიწყეს ვაკანსიების განთავსება შრომის უსაფრთხოების ინსპექტორის ადგილზე,“ - განაცხადა შახბაზიანმა.

ლიკა ამირაშვილი