სამეგრელოში ფერმერები მათთვის, ვისაც თხილის შესაწამლი პრეპარატის შეძენა არ შეუძლია, კრედიტებს საკუთარ სახელზე იღებენ - „უთხრეს, ასაკიანი ხარ და სესხს ვერ მოგცემთო“

„სამყაროს შეცვლა სიკეთის გზით არის შესაძლებელი“, - ეს სიტყვები ეკუთვნის ადამიანს, რომელიც ინდოელი ერის სულიერ ლიდერად, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ ხელმძღვანელად და დღესაც, მსოფლიოში უამრავი ადამიანის შთაგონების წყაროდ იქცა.

ეს სიკეთის გზა კი ჩვენ გარშემო, „ჩვენნაირი“ ადამიანების „მცირე სიკეთეებია“, რომლებიც ჯერ სოფლებს, შემდეგ ქალაქებსაც ცვლის. ჩვენ კი ასეთი „ადამიანური ისტორიებით“ ინსპირირებულები ვცდილობთ, კიდევ უფრო უკეთესები გავხდეთ, მივბაძოთ მათ და ჩვენც შევიტანოთ წვლილი სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაში.

ასეთი პოზიტიური ცვლილებები დაიწყო სამეგრელოს პატარ-პატარა სოფლებში, შემდეგ კი მთელ კუთხეში გავრცელდა.

ელიზბარ ჯულუხიძე წალენჯიხის რაიონ სოფელ ობუჯის მკვიდრია. იმის გამო, რომ მას და მის თანასოფლელებს გასულ წელს მოსავალი აზიურმა ფაროსანამ თითქმის სრულად გაუნადგურათ და ფაქტობრივად, შემოსავლის გარეშე დატოვა, წელს თადარიგის დაჭერა გადაწყვიტეს. „საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია“ ელიზბარს და მის გარდა, 15 000-მდე ფერმერს თხილის შესაწამლი აღჭურვილობით დაეხმარა. ასოციაციამ 1 მარტიდან დაიწყო მოსახლეობასთან კარდაკარ სიარული, ჩაატარა 2000-მდე შეხვედრა და ფერმერები 8-ვე შეწამვლის აუცილებლობაში დაარწმუნა. გარდა ამისა, „საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია“ მოსახლეობას მონტიორინგს და მოსავლის აღებამდე კონსულტაციებს დაჰპირდა. შედეგად, ფერმერებს მხოლოდ შესაწამლი პრეპარატი დარჩათ შესაძენი.

თითოეული წამლობა ფერმერებისთვის იმედისმომცემია, რომ წელს კარგ მოსავალს აიღებენ და მთელი წლის განმავლობაში უზრუნველყოფილები იქნებიან, თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც პრეპარატის შეძენის საშუალება არ აქვს.

ელიზბარი გვიამბობს, რომ „საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ“ ფერმერებს სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან გაუწია რეკომენდაცია, სესხი შეღავათიან პირობებში მისცენ და მოსავლის აღების შემდეგ უკან დაუბრუნონ. ფერმერების უმეტესობა ამ შეთავაზებით სარგებლობს, თუმცა საფინანსო ორგანიზაციები როგორც წესი, სესხს ყველასთვის ვერ გასცემენ.

მას შემდეგ, რაც ფერმერთა ნაწილი ამ დაბრკოლებას წააწყდა, სამეგრელოში უჩვეულო რამ მოხდა: ფერმერებმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან ერთმანეთისთვის სესხის გამოტანა დაიწყეს. ელიზბარ ჯულუხიძეც ერთ-ერთია, რომელმაც 400 ლარის ოდენობით სესხის თავის 82 წლის მეზობელს, ნოდარი ბაბუს აუღო. როგორც თავად ამბობს, ბაბუს შეჰპირდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სესხს თვითონ ვერ გადაიხდიდა, პრობლემას არც ეს წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, მოხუცი გულმოდგინედ მუშაობს და წელს ნაყოფიერ მოსავალსაც ელოდება.

„როცა ბანკის თანამშრომლები მოვიდნენ, მეზობლები შევიკრიბეთ. გვინდოდა განვადების აღება. ყველას გაგვესაუბრნენ, მასაც და უთხრეს, ასაკიანი ხარ და სესხს ვერ მოგცემთო. ეს ყველაფერი მესმოდა. ეს ოჯახი ჩემთვის ძალიან ახლობელია, ვუთხარი, მე ავიღებ და თუ გასტუმრებას ვერ მოახერხებ, მე თვითონვე გადავიხდი-მეთქი, მაგრამ ისტუმრებს ყველაფერს.

ჩემი შეთავაზება ძალიან გაუხარდა. სესხი რომც არ ამეღო, მოგვიანებით შესაწამლი პრეპარატის შეძენას ალბათ შეძლებდა, იმ მომენტში არ ჰქონდა უბრალოდ ამის საშუალება. ბიჭები გარდაეცვალა, გოგონები ჰყავს, თბილისში არიან გათხოვილები და ალბათ გამოუგზავნიან, მაგრამ არ იყო ამის საჭიროება. თავად უვლის ყველაფერს, საქონელიც ჰყავს“,- გვიამბო ელიზბარმა.

თავად სესხი 5 ჰექტარზე გაშენებული თხილის პლანტაციის შესაწამლად აიღო. ფერმერის თქმით, წელს, თხილის სექტორში დასაქმებულთა უმეტესობამ თადარიგი დაიჭირა და თხილს სათანადო წამლობას უტარებს, რაშიც „საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციას“ დიდი წვლილი მიუძღვის.

ელიზბარს მისმა მეზობელმაც მიბაძა და ნათესავებისთვის, რომლებსაც ბანკი „ცუდი საკრედიტო ისტორიის“ გამო სესხს არ უმტკიცებდა, აღნიშნული ვალდებულება თავად აიღო.

ეს ერთგვარი მოძრაობა სოფელ ნაკიფუში, რიყეში და სამეგრელოს სხვა სოფლებშიც გაგრძელდა. ივერი მოლაშხია ნაკიფუს მკვიდრია. ამ თემაზე საუბრისას თავს ცოტა უხერხულად გრძნობს.

„არ ვიცი, რა გითხრათ აბა, ჩვენს ახლობელ ოჯახს დასჭირდა ავუღეთ, ბანკი არ აძლევდათ“, -გვეუბნება მოკრძალებულად.

მსგავსი ისტორია აქვს ათეულობით ფერმერს, რომლებიც უკეთესი ზამთრისთვის და უკეთესი მომავლისთვის ერთმანეთის გვერდით დგანან. თავად ამ სიკეთეზე საუბარს გაურბიან, ამბობენ, რომ საჭიროებისამებრ მოიქცნენ.

იმედი აქვთ, წელს ფაროსანა მათ მოსავალს „დაინდობს“. აქტიური ბრძოლის მიუხედავად, გასულ წელს, მავნებელმა თხილის მოსავლის 80% გაანადგურა. მიყენებული ზარალის შემდეგ, ფერმერებისთვის წელს კარგი მოსავლის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ“ USAID-თან (აშშ-ს განვითარების სააგენტო), Ferrero-სა და CNFA-სთან (საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტი) დაიწყო ფერმერების შესაბამისი აპარატურით აღჭურვა. უფრო კონკრეტულად, 10 ფერმერისგან შემდგარ ჯგუფს შესაწამლ მოწყობილობებს ურიგებენ დროებითი სარგებლობის პირობით და მათი გამოყენების წესებს ასწავლიან.

„საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოცაიციის“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი თოდუა აღნიშნავს, რომ წელს აზიური ფაროსანას პოპულაცია შემცირდა, თუმცა მათ წინააღმდეგ ბრძოლა ივნისის ბოლოდან ივლისის ბოლომდე გადამწყვეტ ფაზაში შედის.

„აზიური ფაროსანას პოპულაცია შემცირებულია, ივნისის ბოლოდან ივლისის ბოლომდე არის ყველაზე რთული პერიოდი. ასე რომ, ფერმერები არ უნდა შეჩერდნენ და პლანტაციები უნდა შეწამლონ, რადგან მავნებლის გამრავლება იწყება ახლა. ახლა დარჩენილია მე-5 მე-6 წამლობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწვეტია. გასულ წელს, ამ დროისთვის თხილი მეტნაკლებად ნორმალურად გამოიყურებოდა, ნაწილმა პლანტაციებს წამლობა მიაწოდა, ნაწილის თხილი კი გაფუჭდა. ასე რომ, აუცილებელია, რომ ბოლომდე შევწამლოთ. მოსავლის აღებამდე მინიმუმ 2 კვირით ადრე აუცილებლად უნდა იყოს თხილი შეწამლული“, - განმარტა გიორგი თოდუამ.

„საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი სამეგრელოში თხილის პლანტაციების გარშემო მიმდინარე პროცესებს ყოველდღიურად ეცნობა. გოგა თოდუამ განგვიცხადა, რომ მოქალაქეები ერთმანეთს სიღარიბის დაძლევასა და წარმატების მიღწევაში ეხმარებიან.

„სიდუხჭირიდან და იმ პრობლემატიკიდან გამომდინარე, რაც ხალხს აქვს, ნაღდი ანგარიშსწორებით პრეპარატის შეძენას ვერ ახერხებენ, საფინანსო ორგანიზაციები სესხს არ უმტკიცებენ, ამ დროს კი მეზობლის გვერდით დგომა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მოტივაციაა, ეს ძალიან კარგი მაგალითი გადამდები გახდა. დაიწყო ერთმა, ერთ სოფელში, შემდეგ მეორემ, მესამემ და ასე გავრცელდა მთელს კუთხეში“, - იხსენებს გოგა თოდუა.

ფერმერები თხილის მოსავალს აგვისტოში აიღებენ, რის შემდეგაც პლანტაციები კიდევ ორჯერ უნდა შეწამლონ და მომავალი წლისთვის მოამზადონ.

(R)