„ლარი არსად არ მიდის. შეიძლება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა მიდის მოუსავლეთში და ლარი ამის გამოხატულებაა,“ - ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისივე თქმით, ის, რაც ახლა ლართან მიმართებაში ხდება, არის არსებული პროცესების გამოძახილი. პაპავას შეფასებით, ლარი გვიჩვენებს, რომ ეკონომიკა დაავადებულია, რომ განუვითარებელია ეკონომიკის რეალური სექტორი, რომ არ გვაქვს საექსპორტო პოტენციალი, ფოკუსირება კი ისევ ტურიზმზე, სასტუმროებსა და რესტორნებზე ხდება, რაც არასწორია.
„არაერთხელ მითქვამს, რომ ტურიზმზე აქცენტის გაკეთებაა შეცდომაა, რადგან არამდგრადი დარგია. ტურიზმი მოწყვლადი დარგია, ხოლო როდესაც არ გაქვს ეკონომიკის რეალური სექტორი განვითარებული, მხოლოდ ტურიზმზე აქცენტის გაკეთება შეცდომაა. რაც ახლა ლართან მიმართებაში ხდება, არის გამოძახილი არსებული ვითარების. ლარი გვიჩვენებს, რომ ეკონომიკა დაავადებულია - განუვითარებელია ეკონომიკის რეალური სექტორი, საექსპორტო პოტენციალი არ გვაქვს, ფოკუსირება ხდება ისევ ტურიზმზე, სასტუმროებსა და რესტორნებზე.
რაც შეეხება ფაქტორებს, რაც ლარის კურსზე ახდენს გავლენას ესენია: ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობა და მოლოდინი ტურისტების შემცირების. კერძოდ, ტურისტების არ შემოსვლა გამოიწვევს სავალუტო ნაკადის შემცირებას და ეს უკვე არის მოლოდინი, რომ შემცირდება უცხოური ვალუტა. აქედან გამომდინარე, მავანნი ცდილობენ თადარიგი დაიჭირონ და ლარის დოლარში გადახურდავებას იწყებენ, რითიც ხელოვნურად ზრდიან მოთხოვნას. ასეთ სიტუაციაში ეროვნული ბანკი განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს, რადგან სავალუტო ბაზარზე მსხვილი ბანკების მხრიდან მანიპულაციები გამორიცხული არ არის,“-განაცხადა პაპავამ.