ეროვნული ბანკი - დაბალი საბაზო ინფლაცია მომავალში მთლიანი ინფლაციის მაჩვენებლის შემცირების სიგნალს იძლევა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის განმავლობაში, ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას საწვავსა და თამბაქოს პროდუქტებზე მომატებული ფასები ახდენდა. ამ პროდუქტების გავლენა ინფლაციაზე წლის მანძილზე საშუალოდ, 0.5 და 0.3 პპ იყო.

ამასთან, ეროვნული ბანკის მიერ პარლამენტში წარდგენილი ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, რომელსაც პარლამენტს, პლენარული სხდომის ფორმატში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცნობს, 2018 წლის დასაწყისში წინა წელს თამბაქოს პროდუქტებსა და საწვავზე გაზრდილი აქციზის გადასახადის გავლენა ინფლაციაზე ამოიწურა და წლიური ინფლაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა.

“წლის განმავლობაში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან (3 პროცენტი) ახლოს, ძირითადად მის ქვემოთ, ნარჩუნდებოდა მიუხედავად იმისა, რომ წლის მანძილზე კვლავ მნიშვნელოვნად გაძვირდა თამბაქო და საწვავი, ხოლო წლის დასაწყისიდან წყლისა და ელექტროენერგიის ტარიფმაც მოიმატა. ამას დაემატა დეკემბერში პურის გაძვირება, თუმცა, მიუხედავად ამისა, დეკემბერში ინფლაცია წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე - 1.5 პროცენტამდე შემცირდა.

საბოლოოდ, წლიურმა ინფლაციამ წლის განმავლობაში საშუალოდ 2.6 პროცენტი შეადგინა.

საბაზო ინფლაცია (ინფლაცია სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს ფასების ცვლილების გარეშე), საწვავსა და თამბაქოზე შედარებით მაღალი ფასების გამო, წლის განმავლობაში საერთო ინფლაციაზე მნიშვნელოვნად ნაკლები იყო და საშუალოდ 1.2 პროცენტს შეადგენდა. საბაზო ინფლაციაზე დაკვირვება მნიშვნელოვანია ფასების დონის გრძელვადიანი ტრენდის შეფასებისთვის. დაბალი საბაზო ინფლაცია მომავალში მთლიანი ინფლაციის მაჩვენებლის შემცირების სიგნალს იძლევა“, - აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკი.