ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წელს გააქტიურებული დედოლარიზაციის ტენდენცია 2018 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა, რაც შესამჩნევი იყო როგორც ფიზიკურ პირებზე, ასევე იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების შემთხვევაში.
დედოლარიზაციასთან დაკავშირებულ პროცესზე ყურადღება გამახვილებულია ეროვნული ბანკის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელსაც პარლამენტს, პლენარული სხდომის ფორმატში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცნობს.
“წლის მეორე ნახევარში მთლიანი სესხების დედოლარიზაციის ტენდენცია შენელდა და ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ნაწილში დოლარიზაცია გაიზარდა კიდეც. აღნიშნული უკავშირდებოდა საბანკო სექტორში არსებულ უცხოური ვალუტის ჭარბ რესურსებს, რაც ბანკებს საშუალებას აძლევდა ბაზრისთვის უცხოური ვალუტით შედარებით დაბალპროცენტიანი სესხები შეეთავაზებინა. ეს ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ბაზრის მიერ არ ხდება სავალუტო რისკების ადეკვატურად აღქმა და შეფასება.
მთლიანად, 2018 წლის განმავლობაში სესხების დოლარიზაცია, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 0.8 პპ-ით შემცირდა და დეკემბერში 56.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი წლის განმავლობაში 3.2 პპ-ით შემცირდა და 63.1 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელს, ის 2017 წლის ბოლოს არსებული 46.3 პროცენტიდან 2018 წლის ბოლოსთვის 47.7 პროცენტამდე გაიზარდა და ფიზიკური პირების დაკრედიტების რეგულაციის მიღების შედეგად, მოსალოდნელია, რომ 2019 წელს კვლავ შემცირების ტრაექტორიით იმოძრავებს“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.