„თიბისი ბანკი“ 125 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პირველადი კაპიტალის ობლიგაციებს უშვებს

"თიბისი ბანკი" 125 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების უვადო, დამატებით პირველადი კაპიტალის ობლიგაციებს გამოუშვებს. ამასთან, როგორც „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა, "თიბისი ბანკის" მიერ ევროობლიგაციები უკვე განთავსდა როგორც ევროპის, ისე საქართველოს საფონდო ბირჟებზე, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ტრანზაციები ორივე მიმართულებით განახორციელონ.

„თიბისის" ინფორმაციით, აღნიშნულ ობლიგაციებზე ინვესტორების მხრიდან თითქმის ორჯერ მეტი მოთხოვნა დაფიქსირდა. ამასთან, ეს იქნება მსგავსი ტიპის ყველაზე დიდი ემისია კავკასიის რეგიონში, ყველაზე დაბალი წლიური საპროცენტო განაკვეთით.

აღსანიშნავია, რომ ობლიგაციები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე 3 ივლისს განთავსდება. როგორც „თიბისი ბანკში“ აცხადებენ, დაგეგმილია ობლიგაციების საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსებაც, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა ქართული ბირჟისა და საბანკო სექტორის ისტორიაში და ხელს შეუწყობს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას.

ობლიგაციებს გამოუშვებენ ბაზელი 3 სტანდარტების მიხედვით და ჩაითვლება "თიბისი ბანკის" პირველად კაპიტალში, რაც მათი ცნობით, კიდევ უფრო გააძლიერებს ბანკის კაპიტალიზაციის დონეს.

"თიბისი ბანკის" მიერ 19 ივნისს, 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციები განთავსდა როგორც ირლანდიის, ასევე საქართველოს საფონდო ბირჟებზე. ორი კვირის განმავლობაში, "თიბისის" მიერ მოზიდული ჯამური თანხა კი - 425 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

„ორივე ტრანზაქცია იყო მნიშვნელოვანი და რაც მთავარია, მოთხოვნა იყო საკმაოდ დიდი. ამ მომენტისთვის, 300 მლნ დოლარზე მოთხოვნამ 700 მლნ დოლარს გააჭარბა. ხოლო გუშინედელ ტრანზაქციასთან დაკავშირებით მოთხოვნა იყო დაახლოებით, 220 მლნ დოლარზე მეტი. ეს ნიშნავს იმას, რომ „თიბისი ბანკის“ მიმართ ინვესტორებს დიდი ინტერესი გააჩნიათ. მოთხოვნა იყო როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში. ხაზგასასმელია ის, რომ ევროობლიგაციები განთავსდა როგორც ევროპაში, ისე საქართველოში, თბილისის საფონდო ბირჟაზე და მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ტრანზაციები ორივე მიმართულებით განახორციელონ“,-განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

მისივე თქმით, 300 მილიონი დოლარის ვადიანობა 5 წელია.

„თანხები ძირითადად მოხმარდება მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე, კორპორატიული ბიზნესის დაფინანსებას. ხოლო გუშინდელი ტრანზაქცია, რომელიც განხორციელდა 125 მილიონი დოლარის ფარგლებში, ეს დაეხმარება "თიბისი ბანკს", გაზარდოს კაპიტალი, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ კიდევ უფრო მეტად გავააქტიუროთ ჩვენი საქმიანობა“, - განაცხადა "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

საკითხის მნიშვნელობაზე ისაუბრა „თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი შაგიძემ.

„აღნიშნული შედგება 2 ემისიისგან. ერთი ემისია დასრულდა გუშინ, ეს იყო 125 მილიონი, რაც კაპიტალის ინსტრუმენტია. ამასთან, წლიური საპროცენტო განაკვეთი 10,75%-ით განისაზღვრა.

ევროობლიგაციები, რომლებიც დაიხურა 2 კვირის წინ, ეს არის 300 მლნ დოლარის ოდენობის. აქაც უპრეცედენტოდ საუკეთესო ფასი გვაქვს - 5, 75%. ჯამში საუბარია, 425 მლნ დოლარზე. ხოლო ინტერესი ორივე ინსტრუმენტის მიმართ დაახელოებით მლრდ დოლარამდე იყო" - განაცხადა "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი შაგიძემ.

ცნობისთვის, ტრანზაქციის განხორციელებას უზრუნველყოფენ მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ბანკები: J.P. Morgan, Renaissance Capital და UBS Investment Bank, "თიბისი ბანკის" შვილობილ კომპანია - თიბისი კაპიტალთან ერთად. Baker & McKenzie და Dentons Georgia მოქმედებენ, როგორც "თიბისი ბანკის" იურიდიული მრჩევლები, ხოლო LATHAM & WATKINS და BGI Advisory Services Georgia ორგანიზატორი ბანკების ინტერესს წარმოადგენს.

ნინი ქეთელაური