იპოთეკური სესხების შემთხვევაში რეგულაციები შემსუბუქდება. ამის შესახებ ინფორმაციას საბანკო ასოციაცია ავრცელებს.
ასოციაციის ცნობით, კომერციული ბანკები ლარში იპოთეკური სესხებისათვის ახალი პროდუქტების შემუშავებას იწყებენ. კერძოდ, ლარით იპოთეკური სესხების გაცემის შემთხვევაში მინიმუმ 20%-იანი თანამონაწილეობის პირობებში, კომერციული ბანკები მსესხებლის გადახდისუნარიანობას შიდა მოდელებით შეაფასებენ.
„ბიზნესპრესნიუსი“ ასოციაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 24 დეკემბრის #281/04 ბრძანებით ფიზიკური პირების დაკრედიტების დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად ნებადართულია ფიზიკური პირის შემოსავლის შესწავლა ბანკის შიდა პოლიტიკა-პროცედურების მიხედვით.
პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ფარგლებში მიღებული რეგულაციის ამოქმედებიდან პირველი თვეების განმავლობაში საბანკო სისტემა ფოკუსირებული იყო რეგულაციების სისტემურად სწორ ასახვაზე, მომხმარებლებამდე ზიანის გარეშე მიტანასა და ბაზრის ქცევის დაკვირვებაზე. ამ პროცესის გავლის შემდეგ საბანკო სისტემას შესაძლებლობა აქვს ახალ ეტაპზე გადავიდეს და უფრო ეფექტიანად უზრუნველყოს მსესხებლის შემოსავლებისა და გადახდისუნარიანობის შეფასება და ასევე, განახლებული ჯანსაღი იპოთეკური პროდუქტები შესთავაზონ მომხმარებლებს.
საქართველოს საბანკო ასოციაციის, წევრი საბანკო დაწესებულებების და ეროვნული ბანკის წარმომადგენლების ერთობლივი მუშაობის შედეგად, კომერციული ბანკები ლარში იპოთეკური სესხებისათვის ახალი პროდუქტების შემუშავებას იწყებენ. კერძოდ, ლარით იპოთეკური სესხების გაცემის შემთხვევაში მინიმუმ 20%-იანი თანამონაწილეობის პირობებში, კომერციული ბანკები მსესხებლის გადახდისუნარიანობას შიდა მოდელებით შეაფასებენ.
აღნიშნული პროდუქტების დანერგვა ხელს შეუწყობს იპოთეკური პროდუქტების დივერსიფიკაციას, მათ შორის იპოთეკური სესხების გაცემას მშენებარე პროექტებისთვის,“-აღნიშნულია ასოციაციის განცხადებაში.