ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლარის კურსის მკვეთრ ვარდნას ქვეყანაში არსებული მოლოდინით ხსნის. მისი თქმით, პირობებში, როდესაც ქვეყანას მცურავი გაცვლითი კურსი აქვს, ლარის კურსზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს. გვენეტაძის განმრტებით, დაანონსებული იყო ინფორმაცია, რომ ფრენების შეზღუდვა მოხდება, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია უფრო ნაკლები რაოდენობის ტურისტი ჩამოვიდეს რუსეთიდან.
გვენეტაძის განმარტებით, სწორედ მოლოდინები აისახა ეროვნულ ვალუტაზე.
"ზოგადად კურსზე გავლენას ახდენს საგადამხდელო ბალანსი. დღეს გამოქვეყნდა და ველოდებოდით ინფორმაციას ბალანსზე, რომ უფრო მეტი განმარტება მოგვეცა. ძალიან კარგი გაუმჯობესება გვაქვს პირველ კვარტალში, რაც ნიშნავს, რომ ჯამურად წელს საგადამხდელო ბალანსი კიდევ უფრო გაუმჯობესდება გასულ წელთან შედარებით. თუმცა, უფრო ნაკლებად, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. ეს ნიშნავს, რომ ამან უნდა შეამციროს წნეხი გაცვლით კურსზე და იმ წონასწორობაზე, რომელიც უნდა ნახოს გაცვლითმა კურსმა. ამ ეტაპზე შეიძლება დანაკლისი იყოს 200-300 მლნ დოლარი, თუმცა იმ შემთხვევაში თუ რუსი ტურისტები ჩანაცვლდებიან ან სხვა გზებით შემოვლენ, შესაძლოა, ეს დანაკარგი საერთოდ არ იყოს. ეს აუცილებლად არის გადათვალისწინებელი ანალიზში. ზოგადად ქვეყანაში მშვიდი და სტაბილური სიტუაცია მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, ინფლაციისთვისაც და სავალუტო კურსისთვისაც",-აცხადებს გვენეტაძე.
რაც შეეხება იმას, მოხდება თუ არა ეროვნული ბანკის მხრიდან ეროვნული ვალუტის გამყარებისთვის ჩარევა და ინტერვენცია, კობა გვენეტაძის თქმით, ძალიან ბევრი ქვეყნის გამოცდილება ამბობს, რომ ამ დროს ჩარევა არის კონპროდუქტიული. მისივე თქმით, მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში კურსის პროგნოზირება შეუძლებელია.