ვფიქრობ, რომ დღეს არარეალურად მაღალია ლარის გაცვლითი კურსი, მაკროეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, ამხელა კურსი ნამდვილად არ უნდა იყოს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.
„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში არსებულმა მოვლენებმა შექმნა ის მოლოდინები, რომ ტურისტების ნაკლებობა იქნებოდა თუ სხვადასხვა ფაქტორები, რაც გამოიწვევდა კურსის გაუფასურებას, ეს მოლოდინები აისახა სავალუტო კურსზეც.
ჩვენ, დღეს ვნახეთ, რომ გამოქვეყნდა პირველი კვარტლის ანგარიში. აქაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გვაქვს გაუმჯობესებული. მაკროეკონომიკური ფაქტორები არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ლარი ამ დონეზე უნდა იყოს გაუფასურებული”,-აცხადებს გიორგი კაკაურიძე.
რაც შეეხება მოლოდინებს, მოკლევადიან პერიოდში მოხდება თუ არა ლარის დასტაბილურება, გიორგი კაკაურიძის თქმით, დღეს მოსახლეობაში და მეწარმეებში არ არის იმ რაოდენობით ჭარბი ლიკვიდური სახსრები, რომ არსებული დანაზოგები ერთიანად უცხოურ ვალუტაში გადაიყვანონ. შესაბამისად, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ფიქრობს, რომ გაუფასურება მცირე დროში გაგრძელდება და ლარი დასტაბილურდება.
„რაც იქნება რეალური მაჩვენებლები მაკროეკონომიკაში, რამდენადაც მოხდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის კორექტირება ეს აისახება სავალუტო კურსზე. შედეგად, მცირედროინდელი ეფექტი განეიტრალდება და დაჯდება ის კურსი, რაც უნდა იყოს მაკროეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე“, - აცხადებს კაკაურიძე.