"აფბას" ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ეხმაურება.
„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ანტირეკორდი №1
ლარმა გაუფასურება მაისის თვეში დაიწყო და პირველი ანტირეკორდიც დაამყარა. ერთი დოლარის ღირებულებამ ისტორიაში პირველად შეადგინა 2.80 ლარი.
იმ დროს ეროვნული ვალუტის გაუფასურება 2 ძირითად ფაქტორს უკავშირდებოდა - პირველი ეს იყო M2 აგრეგატი, რომელიც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 2 მლრდ ლარით იყო გაზრდილი, რაც ცხადია ზეწოლას ახდენდა კურსზე.
მეორე ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო თურქული ლირას მკვეთრი გაუფასურება და მისგან გამოწვეული ფსიქოლოგიური ფაქტორები, რომელიც სრული საინფორმაციო ვაკუუმის პირობებში პანიკაში გადაიზარდა. ორივე ამ გარემოების განეიტრალება სწორი პოლიტიკით ხელეწიფებოდა ცენტრალურ ბანკს, თუმცა ერთადერთი რაც ეროვნული ბანკისგან მოვისმინეთ იყო ის, რომ საპანიკო არაფერი ჰქონდა საზოგადოებას, ისიც სასხვათაშორისოდ, მესამე თუ მეოთხე შეკითხვაზე უპასუხა ბანკის პრეზიდენტმა.
თუმცა, ეს არაფერი პანიკის გადავლის შემდეგ, ლარმა იმ პოზიტიური მაკროეკონომიკური პარამეტრების შეთვისება დაიწყო, რომელიც იმხანად გვქონდა ბაზარზე და ივნისიდან გამყარება დაიწყო. თუმცა აქ უკვე „არ დააგვიანა“ ეროვნულმა ბანკმა და დაუყოვნებლივ განახორციელა ინტერვენცია სავალუტო ბაზარზე და ბაზრიდან 10 მლნ დოლარი ამოიღო, რითიც შეაჩერა ლარის გამყარება და წაახალისა გაუფასურება.
ანტირეკორდი №2
მეორე ანტირეკორდი ეროვნულმა ვალუტამ დღეს დაამყარა bloomberg-ის პლატფორმაზე ერთი დოლარი 2.86 თეთრად ივაჭრება, უფრო ძვირი ღირს დოლარი კომერციულ ბანკებში.
გაუფასურების მეორე ტალღაც თავის მხრივ რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, პირველი იყო ეროვნული ბანკის სრულიად გაუმართლებელი ინტერვენცია, რომელმაც წაახალისა გაუფასურების ტრენდი, რასაც დაერთო სანქციები რუსეთის მხრიდან, როგორც ამოქმედებული, ისე პოტენციური.
თუმცა, რეალურად რამდენად შეუძლია, უკვე არსებულ სანქციებს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენოს ჩვენს ეკონომიკას. სანქციები 2 მიმართულებას ითვალისწინებს, პირველი ეს არის ტუროპერატორებისათვის საქართველოს საგზურების შეზღუდვა, ხოლო მეორე არის ფრენების შეზღუდვა. რაც შეეხება რუსულ ტუროპერატორებს, მათი მომსახურებით რუსი ვიზიტორების მხოლოდ 1.7%-ი სარგებლობდა, ასევე სახმელეთო გზით შემოდის რუსი ტურისტების 90%-ზე მეტი.
თუ გაუფასურების მეორე ტალღას დავაკვირდებით დავინახავთ, რომ მკვეთრი გაუფასურება სანქციების დაანონსების მეორე დღესვე დაიწყო, ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა რომც არ მოვიშველიოთ დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში არანაირ სანქციას არ შუძლია მსგავსი დარტყმის მიყენება ეროვნულ ვალუტაზე. შესაბამისად ისევ მივდივართ აჟიოტაჟურ კურსთან, არავის გაუკეთებია განმარტება, არავის აუხსნია საზოგადოებისთვის ჰქონდათ თუ არა პანიკის საფუძველი, (თუ არ ჩავთვლით ჩემს რამდენიმე კოლეგას) შესაბამისად ბაზრის მონაწილეებმაც სწრაფად დაიწყეს ლარის მოშორება, რამაც გაზარდა წნეხი ეროვნულ ვალუტაზე.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ სიტუაციის განეიტრალებაც შეეძლო ეროვნულ ბანკს, სწორი პოლიტიკითა და კომუნიკაციით.
პ.ს. ამ ვითარებაში ეროვნულ ბანკთან უფრო უნდა იმართებოდეს აქციები, ვიდრე პარლამენტთან,“- წერს ბაირახტარი.