მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში 7 ივნისის სტიქიის დროს დაზიანებული ტიტა-პაპალარას ხიდის მშენებლობა სამ დღეში დასრულდება, - ამის შესახებ „ქართული სამშენებლო კონსორციუმის“ შრომის უსაფრთხოების მენეჯერმა გიორგი ჩალათაშვილმა განაცხადა.
სწორედ "ქართული სამშენებლო კონსორციუმია“ სვანეთში "ნენსკრა ჰესის" საპროექტო კომპანია სს " ნენსკრა ჰიდროს" სამშენებლო სუბკონტრაქტორი, რომელიც სვანეთში გასული წლის 5 ივლისს, ასევე მიმდინარე წლის 7 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული გზისა და ხიდების რეაბილიტაციას ახორციელებს.
როგორც გიორგი ჩალათაშვილი "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, 7 ივნისს მდინარე ნენსკრას შენაკადის-დევრულას ადიდების შედეგად წაღებული, სოფლების ტიტა- პაპალარას ხიდის მშენებლობის სამუშაოები, რომელიც სოფელ ტიტასა და ოკრილს აკავშირებს, ინტენსიურად მიმდინარეობს და მოსახლეობა, ასევე კომპანიის ტექნიკა ხიდით სარგებლობას სამ დღეში შეძლებს.
"დროებითია ხიდი, რომელიც აქ იყო, ჩვენმა კომპანიამ ააშენა 2015 წელს. 7 ივნისს მდინარის დონემ მაქსიმალურად მოიმატა, ამიტომ ბურჯებმა ვეღარ გაუძლო. ახლა ეს ხიდი შენდება იმის გათვალისწინებით, რომ მდინარის მსგავს ადიდებას გაუძლოს. ხიდის მშენებლობის სამუშაოები 3 დღეში დასრულდება,"-განაცხადა გიორგი ჩალათაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმის შედეგად მიმდინარე წლის 7 ივნისს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მდინარე ნენსკრას შენაკადი – დევრულა ადიდდა, რამაც გზისა და ხიდის დაზიანება გამოიწვია.