"საქართველოს ისტორიაში ახალი ერა იწყება",-ამის შესახებ დიზაინერი, გამომგონებელი ზვიად ციკოლია საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე წერს, რითაც საქართველოში ელექტრომობილების წარმოების დაწყებას ეხმაურება. როგორც ცნობილია, პირველი ქართული ელექტრომობილის დიზაინზე სწორედ ზვიად ციკოლია იმუშავებს.
"ბიზნესპრესნიუსი" დიზაინერის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ალბათ უკვე გაიგებდით მედიიდან, რომ გუშინ ქუთაისში იყო AIGROUP-ის პრეზენტაცია და ქუთაისში იწყება ელექტრომობილების წარმოება. მე განსაკუთრებული ემოციები მეუფლება ქართულ პროდუქციაზე და განსაკუთრებით ემოციური ვხდები, როცა ეს ტრანსპორტს ეხება. ასე იყო დიდგორზეც და ლიზის ფრენის დროსაც. მოკლედ საქართველოს ისტორიაში ახალი ერა იწყება და დარწმუნებული ვარ ამ რთულ გზაზე ჩვენ, მთელი გუნდი და მთლუანად საქართველო დიდ წარმატებებს მივაღწევთ!",- წერს ზვიად ციკოლია.
შეგახსნეებთ, რომ გუშინ ინდუსტრიული ჯგუფი „აი გრუფის“ მიერ ქუთაისში, საქართველოს ისტორიაში პირველი ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის პროექტის ოფიციალურ პრეზენტაცია გაიმართა. როგორც ღონისძიებაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, ქუთაისში წარმოებული ელექტრომობილები არა მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი.
„ჩვენ ვაშენებთ მწვანე ეკონომიკას. მწვანე ეკონომიკა ნიშნავს, რომ ვანვითარებთ ახალ, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებს. ქუთაისის ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანა სწორედ ასეთ პროექტია. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საწარმო იხსნება სწორედ ქუთაისში, რომელიც ცნობილია თავისი ინდუსტრიული ტრადიციებით. ამ პროექტის განხორციელებით ქუთაისი იბრუნებს მანქანათმშენებლობის დედაქალაქის სტატუსს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
პროექტის თანახმად, ინდუსტრიული ჯგუფი „აი გრუფი“ ქუთაისში ინდუსტრიული კომპლექსის მშენებლობას იწყებს, რომელიც 100 ჰა ფართობზე განთავსდება. პირველი პროექტი ელექტრომობილების საწარმოა, სადაც საწყის ეტაპზე დაახლოებით 300 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება, ხოლო საწარმოს წარმადობა იქნება 5000 ელექტრომობილი. პროექტი ხორციელდება მსხვილი ჩინური კორპორაციის „ჩანგანის“ პარტნიორობით.